კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

კიევში ქართული კინოს ფესტივალი შინდისის გმირებისა და გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა

დღეს, 22 ნოემბერს, კიევში ახალი ქართული კინოს საიუბილეო ფესტივალი გაიხსნება, რომელიც შინდისის გმირებისა და გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება

ფესტივალზე, რომელიც კინოთეატრ “ჟოვტენში” საზეიმოდ გაიხსნა, დიტო ცინცაძის ფილმი “შინდისი“ აჩვენეს. ესაა აგვისტოს ომის გმირების შესახებ გადაღებული ფილმი, რომელიც საქართველომ “ოსკარზე” წარადგინა.

კინოფესტივალის ფარგლებში, 22-27 ნოემბრის ჩათვლით, ნაჩვენები იქნება შემდეგი ფილმები: თინათინ ყაჯრიშვილის “ჰორიზონტი“, გიგიშა აბაშიძის “მეზობლები“, ნინო ჟვანიას “აღლუმი“, დიტო ცინცაძის “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“, მარიამ ხაჭვანის “დედე“, გიორგი მეგრელიშვილის “ჰამლეტი“ და თეო ჯორბენაძის დოკუმენტური ფილმი “სევდის ანგელოზები“, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრებას და მოღვაწეობას ასახავს.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან: უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება “გეორგია“, უკრაინის ქართველთა ასოციაცია “იბერიელი“, მხარდამჭერები კი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს საელჩო უკრაინაში.

შეგახსნებთ, რომ ახალი ქართული კინოს ფესტივალი უკრაინის დედაქალაქში უკვე მეთხუთმეტედ ტარდება და წინა წლებთან შედარებით ყველაზე მასშტაბურია.

კომენტარები

კომენტარი