კულტურა

საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის საინფორმაციო ბაზა და პორტალი შეიქმნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატთან თანამშრომლობით, შეიმუშავა და დანერგა კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი გეოგრაფიული საინფორმაციო ბაზა და პორტალი. 

გეო საინფორმაციო ბაზის საფუძველზე შექმნილი  გეოგრაფიული ინფორმაციული პორტალი – memkvidreoba.gov.ge წარმოადგენს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთიან მონაცემთა ბაზას ინტერაქტიული რუკით,  სადაც განთავსებულია ინფორმაცია ფოტოებით, აღწერილობებითა და ზუსტი მდებარეობით თითოეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის/ობიექტის შესახებ, მათ დაცვით ზონებზე, სამუზეუმო კოლექციებზე, მუზეუმებზე, მუზეუმ-ნაკრძალებზე, კედლის მხატვრობაზე, ქვაზე კვეთილობასა, თუ  გამოფენებზე. 

პროექტის პრეზენტაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ესწრებოდა, რომელმაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და პროექტში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა. სიტყვით გამოსვლის დროს, მინისტრმა ხაზი გაუსვა კულტურული მემკვიდრეობის სფეროში აღნიშნული პროექტის მნიშვნელობას და სამომავლოდ, მსგავს პროექტებში სტუდენტების აქტიურად ჩართულობის სურვილი გამოთქვა. 

დღეს შედგა უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია. ეს გახლავთ გეო საინფორმაციო სისტემა და გის პორტალი, რომელიც ემსახურება ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის აღწერას, დაცვას, ინფორმაციის გავრცელებასა და მართვას. ეს პროექტი მართლაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგანაც ამ პროცესში მოხდა თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვა და განხორციელდა ჩვენი ნორვეგიელი კოლეგების აქტიური ჩართულობით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო მათ ამისთვის. პროექტს გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო კომპონენტი და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროექტის განხორციელებასა და ამ სისტემის ფუნქციონირებაში. ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა, რადგანაც ჩვენი ხვალინდელი დღე დაფუძნებულია სწორედ კულტურულ მემკვიდრეობაზე და ამ უძვირფასეს მემკვიდრეობას თვალის ჩინივით გავუფრთხილდებით.“ – განაცხადა მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.

ღონისძიებას ნორგვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰელენ სანდ ანდრესენი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და სხვადასხვა სამთავრობო და დარგობრივი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული პროექტი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის რესურსების მართვისთვის, არამედ ზოგადად  ქვეყნის სივრცული ტერიტორიული განვითარებისთვის. პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატს -რიკსანტიკვარენს შორის თანამშრომლობის ფარგლებში და დაფინანსებულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. 

კომენტარები

კომენტარი