საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

„ძველებური ცეკვების“ საპრემიერო წარმოდგენები დასრულდა

18 და 19 ნოემბერს, „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენა – „ძველებური ცეკვები“ გაიმართა.

ეს გახლავთ პროექტი „ცეკვა ბაროკოს მუსიკაში და თანამედროვე ქორეოგრაფია“, რომელმაც გაიმარჯვა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერა დაიმსახურა. პროექტის კონცეფცია გახლავთ ძველი და თანამედროვე ხელოვნების პერფორმატიული წარმოდგენა და ითვალისწინებდა ექსპერიმენტულ, ძველისა და თანამედროვე ხელოვნების წარმოჩენას, რაც მოიცავდა ერთი მხრივ ბაროკოს პერიოდის მუსიკის ავთენტურ შესრულებას, მეორე მხრივ თანამედროვე ქორეოგრაფიისა და ავანგარდული კოსტიუმებით შექმნილ ქართული თანამედროვე ხელოვნების ახალ ნიმუშს.

პროექტში მონაწილეობდნენ: თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – საქართველოს სინფონიეტა, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ , მიხეილ აბრამიშვილი – კონტრტენორი, ანნა ქურდოვანიძე – კლავესინი და პოზიტივ ორგანი, ჟოზეპ მარია მარტი დიურანი – თეორბო და ბაროკოს გიტარა, დანიელ გარაი მორაგესი – დასარტყამი ინსტრუმენტები.

პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელი – გიორგი ქერელაშვილი, დამდგმელი ქორეოგრაფი – მარიამ ალექსიძე, ხოლო  კოსტიუმების მხატვარი უტა ბექაია გახლავთ.

„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ გრძელდება: 22 ნოემბერს, თბილისის მუზეუმების გაერთიანების ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმში მარიამ ალექსიძის შეხვედრა გაიმართება, 24 და 25 ნოემბერს სამეფო  უბნის თეატრში თანამედროვე ბალეტი „ფოლია“ იქნება წარმოდგენილი, ხოლო 26 ნოემბერს ასევე უახლესი პროექტი სახელწოდებით „13 არია“ განხორციელდება რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე. კოსტიუმირებულ წარმოდგენაზე შესრულდება როგორც ვოკალური, აგრეთვე ინსტრუმენტული  არიები. მონაწილეობენ: „საქართველოს სინფონიეტა“, მიხეილ აბრამიშვილი (კონტრტენორი) და ქეთევან ქართველიშვილი (ალტი). კოსტიუმების მხატვარი კი უტა ბექაია გახლავთ.

„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ 13 დეკემბრამდე გაგრძელდება და კიდევ არაერთ საინტერესო შეხვედრას და კონცერტი გაიმართება. 

კომენტარები

კომენტარი