კულტურა ლიტერატურა

ამერიკელმა ღვინის მაგისტრმა, ლიზა გრანიკმა ქართულ ღვინოზე წიგნი The Wines of Georgia დაწერა

ამერიკელმა ღვინის მაგისტრმა, ლიზა გრანიკმა ქართულ ღვინოზე წიგნი The Wines of Georgia დაწერა.

წიგნის ელექტრონული ვერსია ღვინის კლასიკური ბიბლიოთეკის ვებგვერდზეა განთავსებული, სადაც ღვინოსა და ალკოჰოლიან სასმელებზე მსოფლიო ექსპერტების მიერ დაწერილი წიგნები თავმოყრილია.

336-გვერდიან წიგნში ლიზა გრანიკი საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის 8000-წლიან ისტორიაზე, კულტურასა და პოტენციალზე წერს. როგორც წიგნის ანოტაციაშია აღნიშნული, მიუხედავად 8000-წლიანი ისტორიისა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველო ახალი ძალით მეღვინეობის ტრადიციებსა და ვაზის ადგილობრივ, უნიკალურ ჯიშებს აცოცხლებს.

ღვინის მაგისტრი წიგნზე რამდენიმე წელი მუშაობდა, მან საქართველოს მეღვინეობის ყველა რეგიონი მოიარა, ყველა კუთხის მეღვინეს შეხვდა. ღვინის ინდუსტრიის ისტორიისა და თანამედროვეობის პარალელურად, ავტორი თავის ნაშრომში ასევე ქართული სუფრის ტრადიციებსა და იმ ღირშესანიშნაობებს აღწერს, რომლებიც მკითხველს ქართული ღვინის გაცნობასთან ერთად, ქვეყანაში მოგზაურობის ინტერესს უჩენს. ლიზა გრანიკი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანია „Tastingwork”-ის ხელმძღვანელია.

წიგნს ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

კომენტარები

კომენტარი