შემოქმედებითი ინდუსტრიები

ვენეციის ბიენალე სტიქიის გამო დაიხურა

როგორც იცით, ვენეცია ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ წყალდიდობას ებრძვის. ქალაქის 85 % დატბორილია, მათ შორის, ტურისტული ადგილები, სახლები, მაღაზიები და კაფე-რესტორნები. წყლის დონემ რეკორდულ მაჩვენებელს, 187 სანტიმეტრს მიაღწია, ამაზე დიდი მაჩვენებელი მხოლოდ 1966 წელს დაფიქსირდა, მაშინ წყლის დონე 194 სანტიმეტრი იყო.

დღეს, სტიქიის გამო, ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალე დაიხურა. აღსანიშნავია, რომ ის 24 ნოემბრამდე უნდა გაგრძელებულიყო. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ უახლოეს დღეებში შეძლებენ ბიენალეს გაგრძელებას. ეს, რა თქმა უნდა, კლიმატსა და წყლის დონეზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის ბიენალეს ისტორია მე-19 საუკუნის ბოლო ათწლეულიდან იღებს სათავეს და 1895 წელს, ქალაქ ვენეციის პირველი საერთაშორისო გამოფენის ორგანიზებას უკავშირდება, რომელიც საგანგებოდ ბიენალესთვის აგებულ პალაცო dell’Espisizion-ში გაიხსნა და 224000 ვიზიტორს უმასპინძლა.

ვენეციის ხელოვნების ბიენალე,  ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, ხელოვნების საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. ბიენალეს სტრუქტურას 3 ძირითადი ნაწილი ქმნის: მთავარი გამოფენა, ეროვნული პავილიონები და პარალელური პროგრამა. 

კომენტარები

კომენტარი