შემოქმედებითი ინდუსტრიები

თბილისში მუსიკის ფორუმი 22-23 ნოემბერს გაიმართება

22 და 23 ნოემბერს მუსიკის ფორუმის ფარგლებში თბილისს ევროპის მუსიკალურ წრეებში სახელგანთქმული პროფესიონალები ეწვევიან. მათ შორის არის ბილ ბრაგინი, აბუ-დაბიში NYU-ს ხელოვნების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და globalFESTის  თანადამფუძნებელი. New York Times ბრაგინს საშემსრულებლო მუსიკალური ბიზნესის ერთერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას უწოდებს. ასევე, რულ ვანჰუკი – BOZAR-ის (ხელოვნების ცნობილი ცენტრი ბრიუსელში) მუსიკალური პროგრამების დირექტორი. ფრანჩესკა ჩერეტანი – ევროპის ჯაზ გაერთიანების  კოორდინატორი.

ღონისძიების მიზანს საქართველოში მუსიკის ინდუსტრიის განვითარება და საერთაშორისო ბაზარზე გასვლა წარმოადგენს. ფორუმი ტარდება პრომოუტერების, საკონცერტო სივრცეების მენეჯერების, მუსიკოსების, არტისტ მენეჯერების, პროდიუსერების, ფესტივალების ორგანიზატორებისა და მუსიკის ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანებისათვის. ქართველი და უცხოელი სპიკერები  ერთად განიხილავენ მუსიკალური ინდუსტრიის თანამედროვე სტანდარტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარს, გამოწვევებსა და მიღწევებს. 

მუსიკალური ფორუმი სტარტს 22 ნოემბერს, ‘ქორთიარდ მარიოტში’ ექსპერტთა დახურული სამუშაო შეხვედრით აიღებს. 

23 ნოემბერს საპანელო დისკუსიები Expo Georgia-ს III პავილიონში განახლდება, რომელზე დასწრებასაც ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ნებისმიერი მსურველი შეძლებს. ამ დღის მთავარი თემები იქნება არტისტის შემოქმედების და აუდიტორიის განვითარება, ტურიზმი და ფესტივალები, კულტურული გაცვლის შესაძლებლობები და ფორმატები, მუსიკის ექსპორტი. 

ორივე დღის საღამოს 8 საათიდან ფორუმის შოუქეისი და კონცერტი ჯაზ კლუბ Singer-სა და ‘ფაბრიკაში’ გაიმართება. 

ღონისძიების ორგანიზატორია Kavkaz Jazz ფესტივალი. საორგანიზაციო ჯგუფმა ფესტივალის 10 წლის იუბილეზე გადაწყვიტა მსმენელსა და სამხრეთ კავკასიაში მუსიკის ინდუსტრიის განვითარების მსურველებს ახალი ფორმატის ღონისძიება შესთავაზოს, რომელიც ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს საშუალებას მისცემს საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განიხილოს ლოკალური გამოწვევები, თუ შესაძლებლობები. 

Kavkaz Jazz ფესტივალი საქართველოში 2010 წლიდან ტარდება. პროექტი შეიქმნა როგორც მშვიდობის მატარებელი პლატფორმა სამხრეთ კავკასიაში კულტურული დიალოგის განმტკიცებისთვის. 

ღონისძიება ტარდება ქ. თბილისი მერიის და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით

კომენტარები

კომენტარი