საშემსრულებლო ხელოვნება

დღეს კომპოზიტორ სანდრო ნიკოლაძის ალბომის პრეზენტაცია გაიმართება

ქართველი მუსიკოსისა და კომპოზიტორის, სანდრო ნიკოლაძის თანამედროვე, სათეატრო მუსიკა ერთ ალბომად გამოიცა.

სპექტაკლებისთვის დაწერილი უნიკალური კომპოზიციების რიგით მეორე ალბომის პრეზენტაცია, მოძრაობის თეატრში 10 ნოემბერს, 20:00 საათზე,  ცოცხალი მუსიკის და თეატრალური პერფორმანსების თანხლებით შედგება.

სანდრო ნიკოლაძემ თანამედროვე სათეატრო მუსიკაში საკუთარი ხელწერა შეიტანა და ახალი მიმდინარეობა შექმნა.

ალბომი სახელად „არიელი“ / Ariel GERA-ს საქართველოს საავტორო უფლებამფლობეთა ასოციაციის და Bravo records-ის მხარდაჭერით ჩაიწერა.

საქართველოში, არცთუ ისე ბევრ თეატრს ჰყავს კომპოზიტორი, რომელიც სპექტაკლებისთვის საავტორო მუსიკას წერს.

„მოძრაობის თეატრი ამ მხრივ ერთ-ერთი ბედნიერი გამონაკლისია. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ  ჩვენი სპექტაკლებისთვის მუსიკას ისეთი გამორჩეული კომპოზიტორი წერს, როგორიცაა სანდრო ნიკოლაძე“,- აღნიშნავს მოძრაობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იოსებ ბაკურაძე.

თანამედროვე  ჟღერადობით და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გაჯერებული ქართველი კომპოზიტორის მუსიკა განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს მოძრაობის თეატრის უცხოელ მაყურებელში. მათი წყალობით, მისი პირველი საავტორო ალბომი არაერთ ქვეყანაში სარგებლობს დიდი მოწონებით.

სანდრო ნიკოლაძეს საქართველოში მსმენელის დიდი ნაწილი იცნობს უფრო, როგორც მუსიკოსს. სხვადასხვა ეტაპზე თანამშრომლობდა  „სუხიშილებთან“, „33 ა“-სთან „სოფტ ეჯექტ“ -თან , „ფრანთან“   და  სხვა არაერთ  ცნობილ ბენდთან და მუსიკოსთან. ბევრ მათგანთან დღემდე აგრძელებს მუშაობას. ამავე დროს, სანდრო ნიკოლაძემ ნიჭიერი მუსიკოსების არაერთი თაობა გაზარდა, რომლებთან ერთად  საინტერესო პროექტები  შექმნა – „მუსიკალური ელარჯი“ „ჯემ სეიშენი“ , „მოძრაობის თეატრის ბენდი“

კომენტარები

კომენტარი