ლიტერატურა

შემოდგომის ლეგენდა 2019 – იმპროვიზაციული ტური კახეთში

3 ნოემბერს, 11.00 საათზე, სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2019“ იმპროვიზაციული ტური გაიხსნება.

წლევანდელი ლიტერატურული კონკურსის ფინალური ტური  წინანდალში, ჭავჭავაძეების სახლ- მუზეუმის ტერიტორიაზე ჩატარდება. წინანდლის უნიკალური ბაღი ლეგენდის წლევანდელი კონცეფციაა: „მწვანე თარგი“ – სილამაზის, კომფორტის და ფუნქციის სინთეზი. სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „კომპანია „სილქნეთის“ ერთობლივი პროექტია.

ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იღებენ. კონკურსი ორ ეტაპად ხორციელდება, წელს პირველ ტურში მონაწილეობა 300-მდე კონკურსანტმა მიიღო. 10 ფინალისტი შიდაშესარჩევმა ჟიურის წევრებმა გამოავლინა, რომლებიც იმპროვიზაციულ ტურში ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე, 12 საათის განმავლობაში ახალ ნაშრომებს შექმნიან.

წელს ლიტერატურული ჟიური 6 წევრისგან შედგება: მწერლები დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, მაკა ლდოკონენი, ანა კორძაია-სამადაშვილი, ზაალ ჩხეიძე და შარშანდელი გამარჯვებული თეკლა ერემეიშვილი.

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „სილქნეტის“ ერთობლივი პროექტია, რომელიც 2009 წელს დაარსდა. კონკურსის მიზანია გაუმარტივოს ახალგაზრდებს პირველი შემოქმედებითი ნაბიჯის გადადგმა, აღმოაჩინოს ახალი მწერლები და გააცნოს ისინი მთელს საქართველოს. კონკურსი წარმატებული დასაწყისი აღმოჩნდა თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დღეს არაერთი ჯილდოს მფლობელნი და წიგნების ავტორები არიან.

კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების საღამო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. 10 ფინალისტის მოთხრობა სპეციალურ კრებულში დაიბეჭდება, რომელიც მოსულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცემათ.

კომენტარები

კომენტარი