ლიტერატურა

არტრეკომენდაცია: 5 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხოთ

საინფორმაციო სააგენტო “არტნიუსი” გირჩევთ 5 წიგნს, რომელიც უნდა წაიკითხოთ

იტალო კალვინო – თუ ზამთრის ღამით მოგზაური

თუ ზამთრის ღამით მოგზაური-ის სურათის შედეგი

თუ შენ მოგბეზრდა ტრადიციული სიუჟეტების კითხვა, სადაც ქალი და კაცი, კეთილი და ბოროთი, მდიდარი და ღარიბი ერთმანეთს ხვდებიან, მაშინ შენთვის საინტერესო იქნება იტალიელი მწერლისა და ჟურნალისტის, იტალო კალვინოს რომანები. განსაკუთრებით კი “თუ ზამთრის ღამით მოგზაური”.

წიგნი ერთგვარი პოსტმოდერნისტული ექსპერიმენტია, რომელსაც მყარი სიუჟეტი არ გააჩნია. რომანს ორი მთავარი პერსონაჟი ჰყავს: მკითხველი და ავტორი. მკითხველი მინიშნებას, დახმარებას, ინტერპრეტაციის გასაღებს, მწერლის განზრახვას ეძებს ამ წიგნში, გზას, რომელსაც დაადგება, ამბავს, რომელსაც დაამთავრებს. ცდილობს, გაუმკლავდეს ამ უცნაურ ენობრივ და სტილისტიკურ თამაშს, გამოაღწიოს დაწყებული, ერთმანეთში გადამავალი და უკვალოდ გამქრალი ამბების ხლართიდან, არ შეეგუოს აზრს, რომ მის ცნობისმოყვარეობას დაკმაყოფილება არ უწერია. დაბოლოს, როცა წიგნს ხურავს, ხვდება, რომ იმ გზის გასავლელად, იმ წრედის შესაკრავად სულაც არ ყოფილა აუცილებელი ამბის დასრულება. მეტიც: ისიც კი არ ყოფილა აუცილებელი, ამბავს დასასრული ჰქონოდა.  

ზაირა არსენიშვილი – ვა, სოფელო

ზაირა არსენიშვილი ვა სოფელო-ის სურათის შედეგი

წელს კიდევ ერთხელ გამოიცა ზაირა არსენიშვილის რომანი “ვა, სოფელო” მწერლისა და სცენარისტის ეპოქალურ რომანში „ვა, სოფელო…“ მოქმედება ვითარდება თელავში მე-20 საუკუნის 20-50-იან წლებში. პატარა ქალაქისა და მის მკვიდრთა – სამი ქალის – ცხოვრების ისტორიის მაგალითზე მკითხველი დაინახავს საქართველოს იმდროინდელ ისტორიას: თელაველებისა და, ზოგადად, ქართველი ხალხის ყოფას, ქალაქის კულტურულ ცხოვრებას, გლობალურ პოლიტიკურ ძვრებს, 20-30-იანი წლების ტერორს…

მწერალი მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან და მასთან ერთად წერდა სცენარებს ფილმებისთვის: „როცა აყვავდა ნუში“ (1972), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978), „ორომტრიალი“ (1986) და სხვ.

უილიამ ფოლკნერი – გარდავედ, მოსე

„გარდავედ, მოსე“ (1942) უილიამ ფოლკნერის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია. ავტორი რომანში შინაგან მონოლოგსაც მიმართავს და ცნობიერების ნაკადსაც, წინადადების სტრუქტურასაც არღვევს და პუნქტუაციასაც უგულებელყოფს, თუმცა კი მასში იუმორიც უხვადაა და სატირაც, უაღრესად დრამატულსა და ტრაგიკულ პასაჟებთან ერთად. 

რომანში ადამიანისთვის უმთავრესი საკითხების ფონზეა თხრობა გაშლილი: ადამიანი, მიწა, ბუნება, ღმერთი. წიგნის სტრუქტურაა მაკქასლინების ოჯახის გენეალოგია, ყველაზე ჩახლართული საოჯახო ხე იოკნაპატოფას ოლქში.

რომანის უმთავრესი ნაწილი, ნოველა „დათვი“, ყველაზე ადრე ითარგმნა და გამოიცა. მაგრამ მას აკლდა უმთავრესი ნაწილი, მეოთხე თავი, ურომლისოდაც ის მხოლოდ სანადირო მოთხრობად დარჩებოდა. „დათვის“ მეოთხე თავი არა მხოლოდ ამ ნოველის, არამედ მთელი რომანის გასაღებია, ამიტომაც ხელახლა ითარგმნა, რომ სტილისტური მთლიანობა არ დარღვეულიყო.

ზვიად რატიანი – კოცონი მდინარესთან

ჩვენი მკითხველისთვის, ალბათ, საინტერესო იქნება ალტერნატივა პოეზიის სახითაც შევთავაზოთ. სულ მალე გამომცემლობა “ინტელექტის” მეშვეობით მკითხველისთვის ხელმისააწვდომი გახდება ემიგრაციაში მყოფი პოეტის, ზვიად რატიანის ახალი ლექსების კრებული “კოცონი მდინარესთან”.

მიშელ უელბეკი – ბრძოლის ველის განვრცობა

ბრძოლის ველის განვრცობა-ის სურათის შედეგი

“ბრძოლის ველის განცრცობა” მიშელ უელბეკის პირველი რომანია – რომანი, რომელმაც საფრანგეთს დიდი მწერალი მოუვლინა, რომელიც რამდენიმე გამომცემლობამ დაიწუნა, სანამ ხელში ცნობილ მწერალს – მორის ნადოს არ ჩაუვარდა. მორის ნადოს გამომცემლობამ რომანი დაბეჭდა და იმ დროიდან მიშელ უელბეკის სახელი ყველას პირზე აკერია ლიტერატურულ წრეებში.

კომენტარები

კომენტარი