კულტურა

„ქართული მარში“ ფილმის ჩვენების ჩაშლით იმუქრება, კინოთეატრები დამატებით ზომებს არ იღებენ

„ქართული მარში“ იმუქრება, რომ კინოთეატრებში ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას ჩაშლიან. კინოთეატრებში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ “საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ [უსაფრთხოების] შესაბამის ზომებს”; ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

რეჟისორ ლევან აკინის ფილმი, რომელიც ქვიარი კაცების სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს, პირველად 8 ნოემბერს უნდა უჩვენონ საქართველოს კინოთეატრებში.

„ზაფხულში როგორც გეი აღლუმი ჩავშალეთ, ისევე ჩავშლით ამ კინოჩვენებას“, — თქვა „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ 30 ოქტომბერს. მან „ნეტგაზეთს“ დაუდასტურა, რომ დაჯგუფება აპირებს ჩვენების ჩაშლას.

მან ასევე თქვა, რომ ეს „მშვიდობიანად, ყოველგვარი ძალდობის გარეშე, კონსტიტუციისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში“ მოხდება. თუმცა „ქართული მარშისა“ და მასთან ერთად დემონსტრაციებზე გამოსული სხვა ქსენოფობიური და ჰომოფობიური ჯგუფების აქციები ძალადობით გამოირჩევა.

კომენტარები

კომენტარი