კულტურა

პარიზში კულტურული მემკვიდროების სამიტზე “ევროპა ნოსტრას ჯილდოს” 2019 წლის გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია მიმდინარეობს

პარიზში კულტურული მემკვიდროების სამიტის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს ევროკომისიისა და ევროპა ნოსტრას შემოქმედებითი ევროპის პროგრამით დაფინანსებული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების – ევროპული მემკვიდრეობის პრიზის / ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია, რომელზეც საქართველო საკონკურსო ნომინანტად წარგზავნილ პროექტს – მუცოს რეაბილიტაციას წარმოადგენს.

სამიტის მონაწილეთა წინაშე ქართული პროექტის პრეზენტაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი გაუძღვა.

29 ოქტომბერს გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი, რომელზეც 27 გამარჯვებულის დაჯილდოებასთან ერთად, გამოვლინდება გრან პრი-ს 7 გამარჯვებული და საზოგადოებრივი რჩეულის პრიზის ლაურეატი. ღონისძიებას დაესწრებიან ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი ბ-ნი პლასიდო დომინგო, ევროკომისარი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში ბ-ნი ტიბორ ნავრაჩიჩი, საფრანგეთისა და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 21 მაისს ევროკომისიამ და ევროპა ნოსტრამ, შემოქმედებითი ევროპის პროგრამით დაფინანსებული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების – ევროპული მემკვიდრეობის პრიზის / ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებულები გამოავლინა. კონსერვაციის კატეგორიაში გაიმარჯვა ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა, რომელიც საკონკურსო ნომინანტად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს წარადგინა. აღნიშნული პროექტი 2014-2018 განხორციელდა საქართველოს მთავრობისა და ფონდი ქართუს დაფინანსებით.

კომენტარები

კომენტარი