ლიტერატურა

მწერალი და აქტივისტი ვლადიმერ ბუკოვსკი გარდაიცვალა

პროფესიით ნეიროფსიქოლოგი, 1960-1970-იანი წლების დისიდენტური მოძრაობის წევრი, მწერალი და პოლიტიკური აქტივისტი ვლადიმერ ბუკოვსკი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბუკოვსკის ოფიციალური ვებგვერდიდან ვიგებთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო წლებში გაუარესდა და გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერმა ერთ-ერთმა პირველმა ამხილა საბჭოთა კავშირი პოლიტიკურ პატიმრებზე განხორციელებულ ფსიქიატრიულ ზემოქმედებაში. ბუკოვსკიმ 12 წელი საბჭოთა ციხეში, მუშათა ბანაკში და ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა. ის არის კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნის ფონდის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი. 1963 წელს ბუკოვსკი დააკავეს მოსკოვის ცენტრში პოეზიის საღამოს მოწყობის გამო; 1965 წელს, მისი ორგანიზებით, გაიმართა დემონსტრაციები, რომელთა მიზანი იყო ცნობილი მწერლების, ანდრეი სინიავსკისა და იული დანიელის, მხარდაჭერა. დემონსტრაციებამდე 3 დღით ადრე ბუკოვსკი დააპატიმრეს და, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, 1966 წლის ივლისამდე დაატუსაღეს. 1971 წელს ბუკოვსკიმ მოახერხა, დასავლეთისთვის წარედგინა 150-გვერდიანი დოკუმენტი, რომელშიც აღწერილი იყო საბჭოთა კავშირში ფსიქიატრიული ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების დეტალები. 1972 წელს სასამართლომ მწერალს ბრალი დასდო საბჭოთა ფსიქიატრიის წინააღმდეგ ცილისწამებაში, უცხოურ პრესასთან თანამშრომლობასა და ანტისაბჭოური პუბლიკაციების გავრცელებაში. 1976 წლიდან ვლადიმირ ბუკოვსკი კემბრიჯში (ინგლისში) ცხოვრობდა. ის რუსეთს მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იანი წლების დასაწყისში ესტუმრა.

2007 წლის 28 მაისს ბუკოვსკიმ გადაწყვიტა, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. მისი კანდიდატურა წამოაყენეს ცნობილმა პოლიტიკურმა აქტივისტებმა და მწერლებმა. 800-ზე მეტმა მონაწილემ დაუჭირა მხარი ბუკოვსკის კანდიდატურას, თუმცა, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, იმის გამო, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ცხოვრობდა რუსეთის ტერიტორიაზე, ბუკოვსკის არ მისცა მონაწილეობის მიღების უფლება. ბუკოვსკი მრავალი პუბლიკაციის ავტორია. მათ შორის აღსანიშნავია: „საბჭოთა კავშირი: უტოპიიდან კატასტროფამდე“ (USSR: From Utopia to Disaster”), „განაჩენი მოსკოვში“ (Judgment in Moscow), „რუსეთის სხვა მწერლები“ (Russia’s Other Writers) და სხვა. ცნობილ წიგნში – „სახელმძღვანელო ფსიქიატრიაზე დისიტენდებისთვის” (Manual on Psychiatry for Dissenters) – ბუკოვსკიმ ისაუბრა პოლიტიკური ფსიქიატრიის პოტენციურ მსხვერპლზე და ინსტრუქციებზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს დისიდენტი სასამართლო დაკითხვის დროს, რომ ფსიქიკურად ავადმყოფად არ მიიჩნიონ.

კომენტარები

კომენტარი