ლიტერატურა

25 ოქტომბერს მწერალთა სახლში იტალიელ მწერალთან, ალდო ნოვესთან შეხვედრა გაიმართება

დღეს, 25 ოქტომბერს, 18:30-ზე, მწერალთა სახლში ოთხმოცდაათიანი წლების ლიტერატურული მიმდინარეობის “კაციჭამია ავტორების თაობის” ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენელთან, მწერალთან, პოეტსა და კრიტიკოსთან ალდო ნოვესთან შეხვედრა გაიმართება.

ალდო ნოვე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თანამედროვე იტალიელი ავტორია. საკუთარ თავს პირველ რიგში პოეტად მიიჩნევს, თუმცა ცნობილი მოთხრობებითა და რომანებით გახდა. მისი დებიუტი 90-იან წლებში შედგა ახალგაზრდა იტალიელი ავტორების ანთოლოგიაში, “კაციჭამია ახალგაზრდობა”, რომელიც იმ წლების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ხმაურიანი ლიტერატურული მოვლენა იყო. ამ ანთოლოგიაში შესული ახალგაზრდები, მაშინდელი დებიუტანტები, დღეს იტალიური ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი სახელები არიან.

ალდო ნოვე აქტიურად თანამშრომლობს თეატრთან, ტელევიზიასთან, მრავალი წლის მანძილზე უძღვებოდა “ბომპიანის” პოეზიის სერიას ელიზაბეტა სგარბისთან ერთად. ედოარდო სანგუინეტიმ, მეოცე საუკუნის იტალიის ლიტერატურული, საზოგადოებრივი და პოლიტიკური პანორამის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა ფიგურამ, “ჯგუფი 63”-ის დამფუძნებელმა წევრმა, ალდო ნოვე “იტალიის მეოცე საუკუნის ატლასში” შეიყვანა. ნოვეს სახელით, კიდევ რამდენიმე ავტორთან ერთად, “დაასრულა” სანგუინეტიმ მეოცე საუკუნის იტალიის ლიტერატურული ავანგარდების ეპოპეა.

ღონისძიება ტარდება იტალიური ენის მეცხრამეტე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი