ლიტერატურა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა დასრულდა – შედეგები

დღეს, 21 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა დასრულდა, რომელზეც საქართველო პროგრამით „FOLLOW THE JOURNEY OF GEORGIAN CHARACTERS“ იყო წარდდგენილი.

ბაზრობაზე საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს ეროვნული სტენდი, რომელზეც წარმოდგენილი იყო ახალი სცენა ლიტერატურული და საგამომცემლო ღონისძიებებისათვის და გაიმართა ქართული საგამომცემლო სფეროს უცხოელ გამომცემლებთან შეხვედრა ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით.

საქართველოს მწერალთა სახლისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული სტენდზე ხუთი დღის განმავლობაში ჟანრობრივად და თემატურად მრავალფეროვანი პროგრამა იყო წარმოდგენილი, რომელიც მოიცავდა თანამედროვე პოეზიასა და პროზას, კლასიკურ ლიტერატურას, დოკუმენტურ პროზას, საბავშვო ლიტერატურასა და ილუსტრაციებს, ხელოვნებას, საგამომცემლო საქმესა და პოლიტიკას. 

წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 3 სივრცეში განთავსდა: საქართველოს ეროვნული სტენდი,  გამოცემული და გამოუცემელი ქართული საბავშვო წიგნების სტენდი – Frankfurt Kids Foyer და ცალკე გამოყოფილი სივრცე „გაატარე 4 სეზონი საქართველოში“. აღნიშნულ სივრცეებში დაგეგმილ 20-მდე ღონისძიებაში 10-მდე ქართველი ავტორი, მეცნიერი და ილუსტრატორი იღებდა მონაწილეობას. (ბექა ადამაშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, დავით ლორთქიფანიძე, თათია ნადარეიშილი, ეკა ტაბლიაშვილი, ივა ფეზუაშვილი, ზურაბ ქარუმიძე, არჩილ ქიქოძე).  

ქართველ ილუსტრატორებს ფრანკფურტის ბაზრობის მესამე დარბაზში სპეციალური სტენდი დაეთმოთ ილუსტრირებული წიგნების გამოსაფენად და ვორქშოპების ჩასატარებლად. გერმანელმა კრიტიკოსებმა წარადგინეს ქართველი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებები (მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“, დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“).

გარდა ამისა, გაიმართა დისკუსიები ქართველი და ნორვეგიელი მწერლების მონაწილეობით სერიაში „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნები – საქართველო (2018) და ნორვეგია (2019), ქართველი პოეტები წარადგენენ ქართული პოეზიის ანთოლოგიას „საქართველოს გული – 33 პოეტი საქართველოდან“. შედგა რეზო გაბრიაძისა და  მერაბ მამარდაშვილის ახალი, გერმანულენოვანი წიგნების პრეზენტაცია, ხოლო სპეციალურ სტენდზე „გაატარე ოთხი სეზონი საქართველოში“ ჩატარდა ღონისძიებები სლოგანით „აღმოაჩინე საქართველო“.

შეგახსენებთ, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე რუსეთის სტენდზე ქართული იავნანა იმღერეს, სადაც ეკრანზე ნინო ჩაკვეტაძის ნამუშევრები წარმოადგინეს.

კომენტარები

კომენტარი