კინო

ვალიადოლის კინოფესტივალი ქართული ფილმების რეტროსპექტივა “მანდარინებით” გაიხსნა

ვალიადოლიდის კინოფესტივალზე ქართული ფილმების რეტროსპექტივა ოსკარის ნომინანტი ფილმით, ზაზა ურუშაძის “მანდარინებით” გაიხსნა.

გუშინდელ პროგრამაში წარმოდგნეილი იყო ანა ურუშაძის “საშიში დედა”, ნუცა ალექსი-მესხიშვილის “კრედიტის ლიმიტი”, ელენე ნავერიანის “მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე”, გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძული”, ნანა&სიმონის “გრძელი, ნათელი დღეები” და ელმარ იმანოვის აზერბაიჯანულ-ქართული კოპროდუქცია “სეზონის დასასრული”.

19-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით ესპანეთში ვალიადოლიდის საერთაშორისო კინოფესტივალი იმართება, სადაც საქართველო საპატრიო სტუმარი ქვეყნის სტატუსითაა წარდგენილი. ქართული ფოკუსის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ბოლო 20 წლის მანძილზე შექმნილი 20-ზე მეტი ქართული ფილმი, მათ შორის:

აღსანიშნავია, რომ ვალიადოლიდის კინოფესტივალზე აჩვენებენ კოტე მიქაბერიძის 1929 წელს გადაღებულ ფილმს „ჩემი ბებია“, რომელსაც მუსიკალურად რეზო კიკნაძის ტრიო გააფორმებს.

ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რომლის მსოფლიო პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

ვალიადოლიდის კინოფესტივალის ჟიურიში 2 ქართველი კინორეჟისორი იქნება – ქეთი მაჭავარიანი (საერთაშორისო კონკურსი) და ნუცა ალექსი-მესხიშვილი. ასევე, ფესტივალი გამოსცემს ორენოვან წიგნს (ქართულ და ესპანურ ენებზე) ქართული კინოს შესახებ, სადაც კინომცოდნეების – ლელა ოჩიაურის, ზვიად დოლიძისა და ირინა დემეტრაძის სტატიები შევა.

საქართველოს, როგორც სტუმარ ქვეყანას, ვალიადოლიდის ფესტივალი 24 ოქტომბრის პროგრამას მიუძღვნის. გაიმართება არაერთი აქტივობა, მათ შორის დისკუსია ქართული კინოს შესახებ მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომელსაც ქართველი კინემატოგრაფისტები – ქეთი მაჭავარიანი, ნუცა ალექსი-მესხიშვილი, თინათინ ყაჯრიშვილი, ლაშა ხალვაში, თორნიკე ბზიავა და ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემოქმედებითი ჯგუფის წევრები დაესწრებიან. საღამოს ესპანეთში ქართული საელჩოსა და ვალიადოლიდის კინოფესტივალის ორგანიზებით გაიმართება ქართული მიღება ფესტივალის სტუმრებითვის.

ვალიადოლიდის კინოფესტივალი 1956 წლიდან იმართება და იგი ესპანეთში საავტორო კინოს ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია. სხვადასხვა დროს იგი დაკავშირებული იყო ისეთ სახელებთან, როგორებიცაა – პედრო ალმადოვარი, კენ ლოუჩი, არტურ პენი, ინგმარ ბერგმანი, ლუკინო ვისკონტი, ფრანსუა ტრიუფო, ვონგ კარ-ვაი, ანჟეი ვაიდა, ნიკიტა მიხალკოვი და სხვა.

კომენტარები

კომენტარი