კინო

ჩინეთში ფილმის “ერთხელ ჰოლივუდში” ჩვენება ბრიუს ლის სცენების გამო გააუქმეს

ჩინეთში, კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის, “ერთხელ ჰოლივუდში” ჩვენება პრემიერამდე ერთი დღით ადრე გაურკვეველი ვადით გადაიდო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაყურებელს მისი ნახვა იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ რეჟისორი ბრიუს ლის ცემის სცენას ამოიღებს.

პრემიერის გაუქმების ოფიციალური მიზეზი, ჯერჯერობით, ცნობილი არაა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს ბრიუს ლის ქალიშვილის საჩივარს უკავშირდება. როგორც იცით, მან მამის ცემის სცენა ფილმში მის შეურაცხყოფად აღიქვა და ჩინეთის რადიოსა და ტელევიზიის ეროვნულ ადმინისტრაციაში საჩივარი შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ პრემიერის შემთხვევაში, “ერთხელ ჰოლივუდში” ტარანტინოს პირველი ფილმი იქნებოდა, რომელიც ჩინეთის კინობაზარზე მოხვდებოდა. ეს იმიტომ, რომ ფილმის პროდიუსერებს შორის ჩინური კომპანია Bona Film Group-იც არის.

როგორც იცით, ჩინეთის ცენზურა კინოფილმებიდან სექსუალური, ძალადობისა და პოლიტიკური სცენების ამოღებითაა ცნობილი. 2013 წელს, ტარანტინოს “გათავისუფლებული ჯანგოს” საპრემიერო ჩვენებაც ასე გადაიდო. მიუხედავად იმისა, რომ ტარანტინო ცენზორების თხოვნას დათანხმდა და ფილმიდან რამდენიმე სცენა ამოიღო, “გათავისუფლებული ჯანგო” ჩინელმა მაყურებელმა მაინც ვერ იხილა.

კომენტარები

კომენტარი