ლიტერატურა

გიორგი მეტონიძე – “ესე იტყოდა ზარატუსტრაზე”

“ARTNEWS-ი” გთავაზობთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის გიორგი მეტონიძის ესეს ნიცშეს “ესე იტყოდა ზარატუსტრაზე”

 

წარმოუდგენელია თანამედროვე ფილოსოფიური აზროვნება ნიცშეს ნაშრომების გარეშე. ალბათ იშვიათია ფილოსოფიის ისტორიაში  იმაზე მეტად წინააღმეგობრივი მოაზროვნე მოიძებნოს, როგორიც ნიცშეა. ნიცშე არამარტო იმდროინდელი აზროვნების სტანდარტებს უპირისპირდება, არამედ საკუთარ თავთანაც ხშირად მოდის წინააღმდეგობაში. ნიცშეს „ესე იტყოდა ზარატუსტრა“ არის წიგნი, რომელიც არ ჯდება კლასიკური ნაწარმოების ჩარჩოებში. ეს მტკიცებითი ფორმით დაწერილი ნაშრომი უფრო მეტად წააგავს ბიბლიას, ვიდრე რომელიმე რომანს. ნიცშე არაფერს არ ამტკიცებს ამ წიგნში, არ აყენებს თეზისს რომელიც შემდეგში დასაბუთებას მოითხოვს, იგი უბრალოდ ფაქტობრივად უკვე დამტკიცებულს გვიწერს, გვიწერს ის რაც თავისთავადაა. ნიცშე ამ ნაშრომით ერთგვარად ახალ მორალს გვთავაზობს. მორალს, რომელიც არ ეყრდნობა რელიგიას, იგი უარყოფს ზეციურ ძალებს, სწორედ ამითაა ნიცშე ყველაზე მეტად ეთიკის მასწავლებელი, იგი ამბობს, რომ ადამიანი თავისთვად უნდა იყოს მორალური და ზნეობრივი არსება, მიწიერ სამეფოში ყოველგვარი ზეციურის იმედის გარეშე.

ნიცშეს „ზარატუსტრა“ არის პერსონაჟი რომელიც თავიდან ბოლომდე თვითგამორკვევის პრინციპზე აგებული გმირია. განმარტოვებული ზარატუსტრა  თვითგამორკვევის პრინციპით მიდის იმ დასკვნამდე, რომ ღმერთი არ არსებობს, განმარტოვებაში სიბრძნით მობეზრებული ზარატუსტრა ამას სხვა ადამიანებსაც უხსნის ქალაქში დაბრუნებული, თუმცა ადამიანები ამას სასაცილოდ იღებენ და ბოლოს ღიზიანდებიან. ზარატუსტრასთვის ღმერთი მოკვდა, მისთვის იდეალური მიწიერი სამეფოა და მიწიერი სურვილები, თუნდაც აღზევების სურვილი. ადამიანის მანკიერი სურვილები ყველაზე მეტად გამოხატავს ადამიანურობას. ნიცშეს აზრით, ადამიანი უნდა მივიდეს იმ დასკვნამე, რომ არ არსებობს ღმერთი, ამისთვის მან უნდა გაიაროს  სამი ეტაპი: პირველ რიგში ადამიანი უნდა იყოს აქლემი, მან უნდა აიტანოს ყველა ის ტანჯვა, რაც  მის ცხოვრებაში არსებობს იმ იმედით, რომ ეს ყველაფერი მომავლში გამოსწორდება და ტანჯული ცხოვრება ბედნიერი ცხოვრებით შეიცვლება. მეორე ეტაპი არის ისეთი, რომელიც ყველაფრის მიმართ იწვევს გაღიზიანებას, ადამიანს აღიზიანებს ის რაც მისთვის ცუდია, რაც რეალურად ეწინააღმდეგება თვითმყოფადობას, ამ მდგომარეობას ეწოდება ლომის მდგომარეობა,  ლომი უფრო თვითნებურია, იგი უფრო მეტადაა თვითგამორკვევის პრინციპზე დაყრდნობილი. ეს მდგომარეობა უფრო მეტად ეწინააღმდეგება ღმერთის იდეას. მესამე მდგომარეობა არის უკანასკნელი მდგომარეობა ზეკაცამდე მიმავალ გზაზე, რაც  ბავშვის მდგომარეობას გულისხმობს. ეს მდგომარეობა ყველაზე მეტად უფრო მიმზიდველია. როგორც ბავშვი არის ყველაფრისგან სუფთა, ისე აქლემის და ლომის ეტაპიდან გამოვლილი არის ყველაფერი გარეგანიდან გასუფთავებული. შეიძლება ზარატუსტრა გათავისუფლდა ღმერთისგან, მაგრამ ქალაქში მიმავალი ზარატუსტრას შემხვედრი მოხუცი, რომელიც წლების წინ ტყეში მიმავალ ზარატუსტრას შეხვედროდა, ვერ გათავისუფლდა ღმერთისგან, მას ღმერთი ადამიანებზე მეტად უყვარდა, იგი ზარატუსტრას რჩევას აძლევს რომ არ წავიდეს ადამიანებთან და თუ წავა უკეთესი იქნება მან ადამიანების უღელი შეამსუბუქოს. ამ მიზეზების გამო მას სძულს მოხუცი, რადგან იგი ეყრდნობოდა ღმერთის რწმენას, ვინაიდან ზეკაცისთვის ჩვეულებრივი ადამიანი უკვე აღარაა საინტერესო და საყვარელი ზარატუსტრასთვისაც ბერიკაცის ეს რეალობა მიუღებელი და საძულველია, მას მხოლოდ გაკვირვებაღა შეუძლია გამოხატოს ბერიკაცის მიმართ. „ნუთუ ეს შესაძლებელია? ამ ბებერ წმინდანს ჯერ არ გაუგია თავის ტყეში, რომ ღმერთი მოკვდა“.

ნიცშესთვის დემოკრატია ადამიანურობის შემზღუდველი იდეაა, რადგან იგი გვიქადის თანასწორობას, გამორჩეულობის სინდრომის ჩაკვლას, ნიცშეს აზრით კი ადამიანი მაშინ ადამიანობს და ღირებულს მაშინ ქმნის, როდესაც  მას აღმატებულობის შეგრძნება აქვს არის რაღაცით გამორჩეული, ეს აზრი შეგვიძლია ასეც განვიხილოთ, რომ თუ ადამიანი გამორჩეულად არ აღიქვამს თავის თავს და სხვების ტოლად და ფასად მიიჩნევს, მაშინ ეს იგივეა რაც თქვა, არსებობს ღმერთი, რომელისთვისაც ყველა ადამიანი ერთია. შესაბამისად, ადამიანი უნდა გათავისუფლდეს დემოკრატიული ღირებულებებისგან, რათა მივიდეს ზეკაცამდე. ზეკაცამდე, რომლისთვისაც თუნდაც მანკიერი თვისებები იქნება ადამიანურობის გამომხატველი, იმის გამომხატველი, რომ მიწა არის ახალი დროის ღმერთი და ადგილი სადაც მან თავისი ინტერესები უნდა გაატაროს. იგი უნდა იყოს თავისთავად ზნეობრივი და მორალური არსება ღმერთისგან დამოუკიდებლად. ნიცშესთვის „კეთილდღეობა საზოგადოებიდან“ მოდელში მცხოვრები ადამიანები ბოლო ადამიანები არიან, საზოგადოების ეს მოდელი ერთგვარად უკავშირდება ლიბერალიზმსა და სოციალიზმს, ამ მოდელში მაცხოვრებელი ადამიანისთვის მთავარია საყოველთაო მშვიდობა და კეთილდღეობა, რაც აკარგვინებს ადამიანს რეალურ სახეს, რეალურ სახეში ადამიანის მანკიერი თვისებები იგულისხმება, ადამიანს აღარ აქვს ვნებები, განსაკუთრებულობისადმი მიდრეკილება, ეს ყველაფერი ადამიანს უბიძგებს იმისკენ, რომ იგი აღარ იყოს სხვებისგან გამორჩეული და საბოლოო ჯამში ადამიანი, როგორც ინდივიდი დაკნინდეს.

ჩემი აზრით, ნიცშე ეპოქის ის მოაზროვნე იყო, რომელმაც მთლიანად თავდაყირა დააყენა არამხოლოდ ევროპული აზროვნება, არამედ მთლიანად მსოფლიო ფილოსოფიური ხედვა. ყოველი ახალი თაობისთვის გარკვეულ ეტაპზე აქტუალური ხდება ნიცშე და ალბათ კიდევ დიდხანს არ დაკარგავს ეს მოაზროვნე კაცობრიობისთვის ინტერესის ობიექტობის პოზიციას. ვფიქრობ, ნიცშემ ის საზოგადოებრივი წესრიგის პრინციპები ჩამოაყალიბა, რომელიც ყოველგვარი ზემოქმედების არარსებობის გარეშე მორალურ და ეთიკურ ცხოვრებას ემთხვევა, სწორედ ესაა თავისუფლების სრული და უნივერსალური გაგება, როდესაც არ გაქვს ბერკეტი და შენი თავისუფლებით, შენი მიდრეკილებებით ხდები მორალური, ზნეობრივი და თავისუფალი ზეკაცი.

კომენტარები

კომენტარი