სტილი, დიზაინი

Jesus Shoes: Nike-ს ახალი ბოტასი, რომლის ძირიც ნაკურთხი წყლით არის სავსე

ამერიკულმა კომპანია MSCHF-მ გამოუშვა ბოტასის სერია, სახელწოდებით Jesus Shoes (ქრისტეს ფეხსაცმელი). ბოტასი Nike-ს ფეხსაცმლის ხაზის, Air Max 97-ის მოდელზეა შექმნილი, თუმცა, ცნობილ ბრენდს მის შექმნაში მონაწილეობა არ მიუღია.

ფეხსაცმლის პლატფორმის შიგნით, მდინარე იორდანედან აღებული და შემდეგ სასულიერო პირების მიერ ნაკურთხი წყალი ასხია, თასმებზე კი დამაგრებულია ჯვარი, ქრისტეს გამოსახულებით. ბოტასის უკან პატარა წარწერა მათეს სახარების იმ თავის აბრევიატურაა, სადაც აღწერილია, როგორ დადიოდა ქრისტე წყალზე.

კომპანიამ სულ 20 ასეთი ბოტასი შექმნა. თითოეულის ფასი 3 ათასი დოლარი იყო. ბოტასების მთელი სერია რამდენიმე წუთში გაიყიდა.

კომპანია MSCHF-ის კომერციული დირექტორის, დანიელ გრინბერგის თქმით, ამ ბოტასის შექმნით მათ სურდათ ეჩვენებინათ, როგორი აბსურდული შეიძლება იყოს კოლაბორაციები დღევანდელ სამყაროში. გრინბერგმა განაცხადა, რომ ეს ბოტასი არის თანამშრომლობა იესო ქრისტესთან, “ყველა დროის ყველაზე გავლენიან ადამიანთან”.

კომენტარები

კომენტარი