კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

მიხეილ ბატიაშვილი: „ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა როგორც კულტურის, ასევე განათლების მიმართულებით“

2021 წლის 23 აპრილიდან თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს გადაიბარებს და ერთი წლის განმავლობაში აუდიტორიას მრავალფეროვან ღონისძიებებს შესთავაზებს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ეს უდიდესი წარმატება გვაძლევს უნიკალური შესაძლებლობას, ხელი შევუწყოთ წიგნებისა და კითხვის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში.

მიხეილ ბატიაშვილი – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი: „იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2021 წელს თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდება – ვულოცავ ყველა თბილისელს და არა მარტო თბილისელს, ჩვენი ქვეყნის ამ უდიდეს გამარჯვებას. ვფიქრობ, ეს არის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით ღირსეული წარდგენის ლოგიკური გაგრძელება. ჩვენ შევძელით და მრავალ ქვეყანას ვუამბეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია და გავაცანით ჩვენი კულტურა. ყველაზე მთავარი ამბავი ჩვენს დედაქალაქში ახლა იწყება – 2021 წელს ქართული ლიტერატურის მეშვეობით სტუმრების წინაშე ღირსეულად უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია და ფასეულობები. ამ პროცესში აქტიურად უნდა გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიებიც. გვეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ წიგნებისა და კითხვის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში. გვინდა, რომ ამ პროცესში აქტიურად იყოს ჩართული სკოლები – ჩვენი მომავალი თაობა, ჩვენი პედაგოგები, ჩვენი შვილები. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ეს მოვლენა არის უმნიშვნელოვანესი, როგორც ქართული კულტურის, ასევე განათლების სფეროსთვის. კიდევ ერთხელ მსურს, მოგილოცოთ დღევანდელი დღე და გისურვოთ წარმატება“.

წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად თბილისის მერიამ და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ განაცხადი მიმდინარე წლის მაისში, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით წარადგინეს. აღსანიშნავია, რომ თბილისმა გამარჯვება პირველივე ცდაზე მოიპოვა. წიგნის მსოფლიო დედაქალაქი (World Book Capital) მასშტაბური პროექტია, რომელიც UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით, 2002 წელს დაარსდა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და, ზოგადად, კითხვის პოპულარიზაციას, წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკარებისა და გამომცემლების ხელშეწყობას.

კომენტარები

კომენტარი