კინო

ბაკურიანი ქართული კინოს ფორუმს უმასპინძლებს

10-13 ოქტომბერს ბაკურიანი ქართული კინოს ფორუმს უმასპინძლებს. ფორუმის სახელწოდებაა „ნახე პირველად ბაკურიანში“ და იგი საზოგადოებას იმ ახალ ქართულ ფილმებს შესთავაზებს, რომლებიც ფართო აუდიტორიას ჯერ არ უნახავს.

ფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ პირველად ნახონ დიმიტრი მამულიას ფილმი „ბოროტმოქმედი“. ფილმის მსოფლიო პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე ახლახანს შედგა. კინოფორუმის პროგრამაშია დიმიტრი ცინცაძის 2 ახალი ნამუშევარი – საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე „შინდისი“ და შანხაის კინოფესტივალის ტრიუმფატორი „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“. ბაკურიანში შედგება ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების უტა ბერიასა და გიგა ლიკლიკაძის ფილმების პრემიერები, ასევე გაიმართება გიორგი მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

ფილმების ჩვენების განრიგი:

10 ოქტომბერი

21:00 – „შინდისი“ – რეჟისორი დიმიტრი ცინცაძე

11 ოქტომბერი

12:00 – „ჩაისუნთქე – ამოისუნთქე“ – რეჟისორი დიმიტრი ცინცაძე

17:00 – „უარყოფითი რიცხვები“ – რეჟისორი უტა ბერია

12 ოქტომბერი

12:00 – „ღორი“ – რეჟისორი გიგა ლიკლიკაძე

20:00 – „ბოროტმოქმედი“ – რეჟისორი დიმიტრი მამულია

13 ოქტომბერი

12:00 – დოკუმენტური ფილმი „12 გაკვეთილი“ – რეჟისორი გიორგი მრევლიშვილი

ქართული კინოს ფორუმს რეჟისორები, პროდიუსერები, მსახიობები, კინომცოდნეები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. კინოჩვენებების გარდა გაიმართება საინტერესო დისკუსიები თანამედროვე ქართული კინოწარმოებისა და ქართული კინომემკვიდრეობის თემებზე.

ღონისძიებას ეროვნული კინოცენტრი და მთის კურორტების განვითარების კომპანია ერთობლივად წარმოადგენენ. კინოფორუმის პარტნიორები არიან „შემოქმედებითი ევროპის“ საქართველოს დესკი, სასტუმრო „კრისტალი“ და ბორჯომის მუნიციპალიტეტი. რეგიონში კინოკულტურის განვითარებასთან ერთად, ქართული კინოს ფორუმი ხელს შეუწყობს შემოდომის სეზონზე საკურორტო ზონის გაცოცხლებას.

კინოჩვენებები კინოთეატრ „ბაკურიანში“ (მის: ბაკურიანი, აღმაშენებლის #5) გაიმართება და მათზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალი იქნება.

კომენტარები

კომენტარი