კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

თბილისში ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს გია ყანჩელის სახელი დაერქმევა

თბილისის საკრებულო ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს გია ყანჩელის სახელს მიანიჭებს, – ინფორმაციას ამის შესახებ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია ავრცელებს.

“საქართველოს სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, გია ყანჩელის გარდაცვალებამ, მთელს საქართველოს გული დაწყვიტა.

კომპოზიტორის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოს კულტურისთვის. საერთაშორისო მნიშვნელობისაა ის უკვდავი საგანძური, რომელიც გია ყანჩელმა დაგვიტოვა.

ვუსამძიმრებთ ოჯახს და სრულიად საქართველოს.

თბილისის საკრებულო გამოდის ინიციატივით, თბილისში არსებულ ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს გია ყანჩელის სახელი მიენიჭოს. ობიექტის შერჩევის და სახელდების პროცედურებს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია კომპოზიტორის ოჯახისა და დაინტერესებული მოქალაქეების აზრის გათვალისწინებით განახორციელებს.” – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გია ყანჩელს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ის თბილისში, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა. კომპოზიტორს 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი