საშემსრულებლო ხელოვნება

ჰააგის მთავარ სამრეკლოზე გია ყანჩელის მელოდიები აჟღერდა

ჰააგის მთავარ სამრეკლოში გია ყანჩელის პატივსაცემად მისი მელოდიები აჟღერდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩო „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

„4 ოქტომბერს გია ყანჩელის პატივსაცემად „St . Jacobs“-ის სახელობის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან მისივე უკვდავი ნაწარმოებები „ყვითელი ფოთლები“ და ფილმ „შერეკილებიდან“ მელოდია აჟღერდება.

ჰააგის სამრეკლოს ზარები ასევე დაუკრავენ ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ქართულ მუსიკალურ ნაწარმოებებს რევაზ ლაღიძის „თბილისო“, „სულიკო“ და დავით არჩვაძის „მონატრებიხარ ფიქრებს“. ქართული ჰანგებით ტკბობა ჰააგის მკვიდრთ 4 ოქტომბერს, 12:00 საათიდან შეეძლებათ. ქართული ნაწარმოების ჰააგის მთავარი სამრეკლოდან ცოცხლად შესრულების იდეის ავტორია ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ერეკლე კოპლატაძე.

ერეკლეს ინიციატივითა და ძალისხმევით, მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქალაქ გრონინგენის შუა საუკუნეების სამრეკლოს ზარებზე ცოცხლად არაერთხელ შესრულდა სხვადასხვა ქართული ნაწარმოები, მათ შორის „თბილისო“, „ჩიტო-გვრიტო“, „სულიკო”, ირაკლი ჩარკვიანის „ვიცი, რომ” და ფრაგმენტი ოპერიდან „დაისი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი