შემოქმედებითი ინდუსტრიები

BASSIANI: “საცეკვაო მოედანს აქვს ძალა უთანასწორობის აღმოფხვრაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს”

წელს, 3 ოქტომბერს კლუბ BASSIANI-ს დაარსებიდან 5 წელი გავიდა, – ამის შესახებ განცხადება კლუბის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში გააკეთა.

“2019 წლის 3 ოქტომბერს, BASSIANI-ის დაარსებიდან 5 წელი სრულდება, სივრცის რომელიც საფუძველშივე სთავაზობდა ადამიანებს თანასწორ და უსაფრთხო გარემოს.

ახალი ხედვები, განსხვავებული და ხშირად თამამი მუსიკალური პროგრამა, გულწრფელი და განსხვავებული ენერგია საცეკვაო მოედანზე, ქვეყანაში არსებული უთანასწორობის, სიძულვილისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. ბრძოლა ქვიარ ადამიანების უფლებებისთვის, ქალების გაძლიერებისთვის, ცეკვა ცვლილებებისთვის აქტივისტების მობილიზაცია, მწვანე პოლიტიკისა და ღირსეული შრომითი პირობების უზრუნველყოფის მხარდაჭერა, და ისევ ბრძოლა, დრაკონულ ნაროპოლიტიკის შესაცვლელად, და ამის თანმდევი პროცესები, დისკრიმინაცია, მარგინალიზაცია, დემონიზაცია, პოლიციური რეიდი, დალუქული კლუბი… და საყოველთაო ცეკვა ღია ცის ქვეშ. BASSIANI-ის გზა მარტივი არ ყოფილა და სიბრაზეც არასდროს განელებულა, ყოველი ახალი დაბრკოლება ახალი წინგადადგმული ნაბიჯის წინაპირობად იქცა.

საკლუბო სცენა ყოველთვის იყო ახალი მოძრაობებისა და ინიციატივების სათავე, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესებაში. გაბრაზებული მუზარადის უკან თითოეული ჩვენგანი დგას. ჩვენი გამოწვევები და სათქმელიც საერთოა. მიუხედავად არაერთი სოციალური, რასობრივი თუ გენდერული სხვაობისა ჩვენ უამრავი საერთო პრობლემა, საზიარო იდეა, გრძნობა და ემოციები გვაქვს. სწორედ ეს არის ჩვენი გაერთიანებისა და თვითორგანიზების მიზეზი საერთო გამოწვევების დასაძლევად, ერთმანეთის დასახმარებლად.

საცეკვაო მოედანს აქვს ძალა უთანასწორობის აღმოფხვრაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს და ახლა როგორც არასდროს გაერთიანების და ახალი ბრძოლის დაწყების დროა, რომელიც სიძულვილზე სოლიდარობითა და ურთიერთპატივისცემით, პასუხისმგებლობითა და მზრუნველობით, მეგობრობითა და სიყვარულით გაიმარჯვებს, კიდევ ერთ გამარჯვებამდე – დაუსრულებლად.” – წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი