კინო ლიტერატურა

კვენტინ ტარანტინო რომანს წერს

რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ, თავისი ბოლო ფილმის, “ერთხელ ჰოლივუდში” გამოსვლის შემდეგ, რომანის წერა დაიწყო. ამის შესახებ მან მარტინ სკორსეზესთან საუბარში განაცხადა. რეჟისორების დიალოგი DGA Quarterly-ს შემოდგომის ნომერში გამოქვეყნდა. საუბარში ისინი თავიანთ ბოლო ფილმებს, ძველ პროექტებსა და საყვარელ კინოფილმებს განიხილავენ.

ტარანტინოს თქმით, ის ახლა რომანს წერს, რომლის გმირიც, მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნების შემდეგ, ჰოლივუდის კინემატოგრაფიით იმედგაცრუებულია.

“მე ახლა წიგნს ვწერ. იქ არის პერსონაჟი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი გამოიარა და ბევრი სისხლი ნახა. 1950-იანი წლებია, ის სახლში ბრუნდება. მასზე ვერც ერთი ფილმი ვერ ახდენს რაიმე გავლენას. იმის შემდეგ, რაც მან გამოიარა, ეს ფილმები ბავშურად ეჩვენება. მისთვის ჰოლივუდის ფილმები უბრალო ფილმებია. მოულოდნელად, ის შეიტყობს ფელინისა და კუროსავას უცხოური ფილმების შესახებ. ჩემს გმირს ეს ორი რეჟისორი გაიტაცებს. ზოგი ფილმი მოსწონს, ზოგი არა, ზოგს ვერც იგებს, მაგრამ მან იცის, რომ რაღაც ძალიან ნამდვილს უყურებს” – აღნიშნა ტარანტინომ.

ამ ისტორიის დასაწერად, ტარანტინო 1950-იანი წლების ფილმებს უყურებს, ოღონდ, არა თავისი, არამედ საკუთარი პერსონაჟის თვალით.

რომანის სახელწოდება და გამოსვლის თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია. მანამდე, რეჟისორმა რამდენიმე ინტერვიუში განაცხადა, რომ კინოდან წასვლას აპირებდა და უნდოდა, საკუთრი თავი ლიტერატურაში ეპოვა, დაეწერა პიესები და რომანები.

კომენტარები

კომენტარი