კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

ლევან აკინის ფილმი ევროპის საუნივერსიტეტო ფილმების ჯილდოზეა ნომინირებული

შვედეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმი სახელწოდებით “და ჩვენ ვიცეკვეთ” ევროპის საუნივერსიტეტო ფილმების ჯილდოზეა ნომინირებული. ინფორმაცია ამის შესახებ European Film Awards-ის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

“ევროპის საუნივერსიტეტო ფილმის ჯილდოზე“ ლევან აკინის ნამუშევარი ოთხ სხვა ფილმთან ერთადაა წარდგენილი. მისი კონკურენტები არიან:

“GOD EXISTS, HER NAME IS PETRUNIJA”

“PIRANHAS”

“PORTRAIT OF A LADY ON FIRE”

“SYSTEM CRASHER”

ნომინირებულ ფილმებს 25 ქვეყნის 25 უნივერსიტეტი განიხილავს და ხუთიდან ერთ ფილმს შეარჩევს. საბოლოოდ, გამარჯვებული 5 დეკემბერს გამოვლინდება, დაჯილდოების ცერემონია კი 7 დეკემბერს, ბერლინში, ევროპის ფილმების 32-ე დაჯილდოებაზე გაიმართება.

შეგახსენებთ, ქვიარ თემატიკაზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმის პრემიერა, წელს, კანის კინოფესტივალზე შედგა. ფილმი ფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ლევან აკინის დრამამ ისეთი რეჟისორების ფილმებს გაუსწრო, როგორებიც არიან: კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ WMagazine-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალზე წარდგენილი ფილმების საუკეთესო მსახიობების სია გამოაქვეყნა, სადაც ისეთი სახეების გვერდით, როგორებიც არიან, რობერტ პატისონი, უილიამ დეფო, ბილ მიურეი და სხვები, ქართველი მსახიობი, ლევან გელბახიანიც მოხვდა. 

მეტიც, “შვიდი საუკეთესო ფილმი კანის 51-ე დაჯილდოებიდან” – ასე ჰქვია ბრიტანული ჟურნალის “Little White Lies” მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც ლევან აკინის ფილმი საუკეთესოთა შორის მეორე ადგილზეა დასახელებული.

ფილმი ახალგაზრდა მოცეკვავის, მერაბის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც მოცეკვავეს ამბიციური მეტოქე, ირაკლი შეუყვარდება.

კომენტარები

კომენტარი