საშემსრულებლო ხელოვნება

მთავრობის წევრები გია ყანჩელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კომპოზიტორ გია ყანჩელის გარდაცვალებას გამო მწუხარება გამოთქვა. 

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ უდიდესი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის გარდაცვალების გამო. გენიალური შემოქმედის მუსიკა არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიოს საგანძურად იქცა. თანავუგრძნობ გია ყანჩელის ოჯახს, ახლობლებს და მთელ საქართველოს,“- ნათქვამია პრემიერმინისტრის სამძიმარში.

გიორგი გახარიას გარდა, გია ყანჩელის ოჯახს მიუსამძიმრა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

„მინდა, მწუხარება გამოვთქვა ქართველი კომპოზიტორის, განწყობის, მუსიკის, დიდოსტატის, ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი ადამიანის, გია ყანჩელის გარდაცვალების გამო. ძალიან სამწუხაროა. ის იყო მრავალი საერთაშორისო პრემიის ლაურეატი და მსოფლიოში აღიარებული შემოქმედი. აღიარება არის ის სიყვარული, რასაც ის ქართველი ხალხისგან იღებდა. ასევე, მთავარი აღიარება არის ის სიყვარული, რაც მისმა მუსიკამ დატოვა ადამიანებში. კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ გია ყანჩელის ოჯახს, ახლობლებსა და ნათესავებს, მეგობრებს და ქართულ საზოგადოებას. ნამდვილად სამწუხაროა“, – განაცხადა თბილისის მერმა. 

ცნობილი ქართველი კომპოზიტორი დღეს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ის თბილისში, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა.

კომენტარები

კომენტარი