არქიტექტურა, არქეოლოგია კინო

კინოთეატრი “აპოლო”- ადგილი, სადაც მდიდრები და ღარიბები ერთმანეთს არ შეხვდებიან

28 სექტემბრის “რეალური სივრცის” ეთერი კინოთეატრ “აპოლოს” რესტავრაციის მიზნებს დაეთმო.

როგორც არქიტექტორმა ნიკა ლეკვეიშვილმა განაცხადა, მათი პროექტის მიხედვით, შენობაში გაჩნდება საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზი. იქნება შემოსასვლელი ლობი, რომელიც ქალაქს მოემსახურება. ესკიზიდან, აგრეთვე, ვიგებთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში იფუნქციონირებს კინოთეატრი და კაფე.

გარდა ამისა, ლეკვეიშვილმა განაცხადა, რომ კინოთეატრში მაღალშემოსავლიან და დაბალშემოსავლიან საზოგადოებას სხვადასხვა შესასვლელი ექნებათ.

“ჩემი, როგორც არქიტექტორი მიზანია, შენობაში შევიტანო როგორც სოციალური, ისე მარკეტინგული ფუნქცია. იცით, ალბათ, ლა სკალას პრინციპი. ლა სკალა იყო პირველი ოპერა, რომელსაც ჰქონდა ორი შესასვლელი. ერთი დაბალშემოსავლიანი საზოგადოებისთვის, მეორე მაღალშემოსავლიანი საზოგადოებისთვის. პარტერისა და იარუსის საზოგადოება ერთმანეთს არასდროს ხვდება. როგორც ხედავთ, ზედა იარუსზე არის მხოლოდ სკამები, რომელიც განკუთვნილი იქნება დაბალშემოსავლიანებისთვის, რომლებსაც ყოველდღე უნდა მოსვლათ და პერფორმანსების ნახვა.” – განაცხადა არქიტექტორმა, ნიკა ლეკვეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიაში კინოთეატრ „აპოლოს“ რეაბილიტაციის ესკიზური პროექტი 2018 წლის 3 ოქტომბერს შევიდა.

შენობის ერთ-ერთი მესაკუთრე, მერიაში წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, არის შპს კონფიდენს გრუპი“ (ფლობს საერთო ფართის ნაწილს, 184 კვ,მ-ს), რომლის დირექტორია ოზგურ დურდაბაქი.

,,აპოლოს“ პრივატიზება პირველად მოხდა 1992 წელს, შემდეგ 1998 წელს.

2002 წელს კინოთეატრი “აპოლო” სს “ქართული ფილმის” მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, კულტურის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის თანხმობით, 500 000 ლარად მიჰყიდა კერძო პირს იმ პირობით, რომ კინოთეატრს ათი წლით პროფილი შეუნარჩუნდებოდა და ახალი მეპატრონე მილიონ-ნახევარი ლარის ინვესტიციებს განახორციელებდა.

მოგვიანებით შენობა გაიყიდა და მისი მფლობელი შპს “თეატრები აპოლო” გახდა.

კომენტარები

კომენტარი