კინო

“განგსტერული შედევრი”- რა გამოხმაურება მოჰყვა სკორსეზეს ახალ ფილმს, დე ნიროს მონაწილეობით

რეჟისორ მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმის, “ირლანდიელის” მსოფლიო პრემიერა ნიუ-იორკის კინოფესტივალზე, 27 სექტემბერს შედგა. მასშტაბურ, ოთხსაათიან ფილმში, რომლის ბიუჯეტიც 160 მილიონია, ისეთი ვარსკვლავები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: რობერტ დე ნირო, ალ პაჩინო და ჯო პეში.

ფილმი, რომლის მოქმედებაც ომის შემდგომ ამერიკაში ვითარდება, ორგანიზებული დანაშაულების ეპიკურ საგას წარმოადგენს და ჩარლზ ბრანდტის რომანის მიხედვითაა გადაღებული.

“ირლანდიელი” მეორე მსოფლიო ომის ვეტერანზე, ფრენკ შირანზე გვიყვება, რომლის როლსაც რობერტ დე ნირო ასრულებს. სიკვდილის წინ, ის თავის განვლილ ცხოვრებას გადაავლებს თვალს. ომის შემდგეგ ის პროფესიონალი მკვლელი გახდა, რომელმაც 25 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის არის ფროფკავშირის ცნობილი მეთაური, ჯიმი ჰოფიც. სწორედ მისი საიდუმლოებით მოცული გაუჩინარების ირგვლივ ტრიალებს ფილმის სიუჟეტიც.

აღსანიშნავია, რომ სკორსეზეს ფილმს კრიტიკოსების დადებითი შეფასებები და მაყურებლის აღფრთოვანება მოჰყვა.

ერთადერთი, რამაც კრიტიკოსების აზრი ორად გაჰყო, ისაა, რომ რეჟისორმა ფილმში მსახიობების ციფრული გაახალგაზრდავების ტექნიკა გამოიყენა. “დე ნირო ასეთ სცენებში ისე გამოიყურება, თითქოს ბოროტად გამოიყენა ბოტოქსი”- აღნიშნა ერთ-ერთმა კრიტიკოსმა. ზოგიერთ ჟურნალისტს არ მოეწონა ის, რომ ფილმში ქალი პერსონაჟები თითქმის არ არიან.

დანარჩენი შეფასებები დადებითია.

The New York Times: “აზრიანი და ძალიან დახვეწილი”

IndieWire: “ენერგიული, სკორსეზეს საფირმო სტილით”

Showbiz 411: “მონუმენტალური განგსტერული შედევრი”

New York Post: “სკორსეზე აქ საუკეთესო ფორმაშია. მისი ფილმი მოწყენის საშუალებას არ გაძლევს და მოულოდნელად, ღრმა მაფიოზურ თემებს იკვლევს”

Consequence of Sound: “ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამერიკელი რეჟისორის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც გვიჩვენებს, რომ სკორსეზეს საუკეთესო ნამუშევრები ჯერ კიდევ წინაა”

Screen International: “ესაა ვინტაჟური სკორსეზე: დახვეწილი იუმორის გრძნობით, მონოლოგებით, ძალადობითა და სინაზის მოულოდნელი გამონათებებით”

TheWrap: “ირლანდიელი” გვახსენებს, რომ “დიდებული ბიჭების” გამოსვლიდან 30 წლის შემდეგაც კი სკორსეზეს მაფიის შესახებ ბევრი საინტერესო ისტორია აქვს – და ასევე საინტერესო გზები მათ ეკრანზე გადმოსატანად”

THR: “ფართო განგსტერული საგა – მკაცრი, მიმზიდველი და ნოსტალგიით სავსე”

AV Club: “76 წლის ასაკში, სკორსეზე ახალგაზრდა, მშიერი რეჟისორის ვნებით იღებს კინოს” 

Variety: “ეს არის მაფიის ბრწყინვალე ეპოქის შესახებ გადაღებული ფილმების ნოკაუტი, რომლის ძარღვებშიც ყინული მიედინება. ესაა ფილმი, რომელსაც დიდი ხანის განმავლობაში ველოდით სკორსეზესგან. ეს მხოლოდ დრამა არაა, ესაა ძველი ანგარიშების გასწორება, შეხედულებები კრიმინალურ სამყაროზე. ის მოიცავს რეჟისორის წინა ფილმებსაც მაფიის შესახებ და ამავე დროს, წარმოადგენს რაღაც ახალსა და ინოვაციურს”

გამოცემა The Verge-მ აღნიშნა, რომ სკორსეზემ ამ ფილმში განგსტერები ისეთი გლამურულები არ აჩვენა, როგორებიც თავის წინა ფილმებში. გამოცემამ ყურადღება მსახიობების ბრწყინვალე შესრულებაზეც გაამახვილა.

შეგახსეებთ, რომ ამჟამად, “ირლანდიელს” Rotten Tomatoes-ზე 100%-იანი რეიტინგი აქვს, ხოლო Metacritic-ზე 92%-ი 100%-დან. ფილმი Netflix-ზე 27 ნოემბერს გამოვა.

კომენტარები

კომენტარი