კულტურა

ხელოვნების სასახლეში ქართული კალიგრაფიის გამოფენა გაიხსნება

თბილისის ხელოვნების სასახლეში, დღეს, 27 სექტემბერს, ქართული უნიკალური კალიგრაფიის გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიცია, სახელწოდებით “ანბანთქება”, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნერო ფონდის მიერ ორგანიზებული მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში იქნება წარმოდგენილი.

გამოფენა ორი ქართველი კალიგრაფის, ოთარ მეგრელიძისა და გიორგი სისაურის შემოქმედებას აერთიანებს და ფართო საზოგადოებას ავტორთა მიერ შესრულებულ ქართული დამწერლობის უნიკალური ნიმუშებს წარუდგენს.

“აღსანიშნავია, რომ ორივე ავტორის ხელოვნებამ მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებში აღიარება უკვე მოიპოვა. მიმდინარე წელს კი ხელოვნების სასახლისა და ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ხელოვანთა მიერ მომზადებული რამდენიმე ილუმინირებული კალიგრაფიული ნიმუში ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში გაიგზავნება და მოხატულ ხელნაწერთა ფონდში განთავსდება, სადაც, სამწუხაროდ, ამ დრომდე არცერთი ქართული ილუმინირებული ხელნაწერი არ იყო დაცული” – ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გამოფენა 19:00 საათზე გაიხსნება და 1 კვირა გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი