კულტურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

ბენქსის ფოტო სოტბის აუქციონზე 43 ათას დოლარად გაიყიდა

სოტბის აუქციონზე ინგლისელი მხატვრის, ბენქსის ფოტო 43 ათას დოლარად გაიყიდა. ფოტოს ავტორი კრის ლევინია – ბრიტანელი მხატვარი, რომელმაც სახელი ელიზაბეტ II-ის პორტრეტებით გაითქვა.

სკანდალური მხატვრის შავ-თეთრი ფოტო ზურგიდან არის გადაღებული, კუთხეში კი ფლუორესცენტული ვარდისფერი ჯვარია დასმული. ფოტოს საწყისი ფასი 3700-6200 დოლარი იყო. მყიდველის ვინაობა საიდუმლოდ დარჩა.

როგორც გამოცემა The Art Newspaper წერს, კრის ლევინმა აღნიშნული ფოტოს ოთხი ეგზემპლარი შექმნა. აქედან, ერთი მას ეკუთვნის, ერთი ბენქსის და ერთიც მუსიკოს რობერტ დელ ნაიას.

როგორც იცით, ბენქსის ვინაობა და ბიოგრაფიული დეტალები არავინ იცის. სავარაუდოდ, იგი ბრისტოლელია და წარსულში ხორცის გადამამუშავებელ კომბინატში მუშაობდა, თუმცა გრაფიტით დაინტერესდა ბრისტოლის აეროზოლის დიდი ბუმის პერიოდში — 1980-იანი წლების ბოლოს. მისი ნამუშევრები, ძირითადად, სატირაა პოლიტიკურ, კულტურულ და ეთიკურ თემებზე, გამოირჩევა ტრაფარეტული ტექნიკით და პარიზში, 80-იან წლებში მოღვაწე ბლეკ ლე რატისა და ლონდონის მეტროში, 70-80-იანი წლებში, ანარქო-პანკ ჯგუფ “კრასის” წევრების მიერ შექმნილი ნამუშევრების სტილს ჰგავს.

ბენქსის ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოჩნდა და დიდი პოპულარობით სარგებლობს. მხატვარი ცნობილია იმითაც, რომ არასდროს აწყობს გამოფენებს და არასდროს ყიდის თავის ნამუშევრებს, თუმცა ხელოვნების აუქციონერებს ბევრჯერ უცდიათ მისი ქუჩის ნამუშევრების გაყიდვა და მისი ადგილიდან მოხსნის პრობლემა მყიდველისთვის მიუნდიათ.

2017 წელს, ბრიტანელმა დიჯეიმ, Goldie-მ, მედიის ინდორმაციისთ, შემთხვევით დაასახელა ბენქსის ვინაობა. მისი ნამუშევრების განხილვის დროს, მან წარმოთქვა სახელი – რობერტი. ამის შემდეგ, მრავალი სტატია დაიწერა იმის შესახებ, რომ ქუჩის სკანდალური მხატვრის სახელის უკან ჯგუფ Massive Attack-ის ერთ-ერთი დამაარსებელი, რობერტ დელ ნაია დგას.

კომენტარები

კომენტარი