ვიზუალური ხელოვნება

22 სექტემბერს გამოფენა “არჩევანი შენი” მოეწყობა, რომელიც ქვეყანაში ალკოჰოლის მოხმარების მაღალ მაჩვენებელს შეეხება

22 სექტემბერს, თავისუფლების მოედნის დიდ მიწისქვეშა გადასასვლელში გამოფენა “არჩევანი შენი” მოეწყობა.

გამოფენაზე, რომელიც 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება, წარმოდგენილი იქნება გიორგი მასხარაშვილის, დავით მაჭავარიანის და ანკა ბოჭორიშვილის მიერ შექმნილი ნამუშევრები, რომელთაც კურატორობას ანა რიაბოშენკო გაუწევს.

სამივე ხელოვანი ეხმიანება ქვეყანაში არსებულ პრობლემას და ცდილობს, მაქსიმალურად დაანახოს საზოგადოებას ალკოჰოლის მოხმარების რისკები და შედეგები.

“საქართველოში, ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებელი მაღალია. ალკოჰოლის მოხმარება, ხშირად, ბავშვობის ასაკში იწყება. უფრო მეტიც, დალევის წახალისება ხდება ოჯახში. სუფრასთან, ალკოჰოლის მიღების დაძალების ტრადიცია, თითქმის მთელს ქვეყანაში დამკვიდრდა, ზოგიერთ რეგიონში კი, განსაკუთრებით ძლიერია. ხშირად, თანამეინახეების ხათრით, ან საკუთარი სურვილით, ერთ ჯერზე დიდი ოდენობით ალკოჰოლის მიღებაც გავრცელებულია, რაც განსაკუთრებით საზიანოა ჯანმრთელობისთვის.

დაბალია ცოდნა იმის შესახებ, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ალკოჰოლის მოხმარებამ ორგანიზმს. ხშირად, ორსულმაც კი არ იცის, ნაყოფზე ალკოჰოლის მავნე ზეგავლენების შესახებ. მეტიც, არც ექიმის მხრიდან იღებს მკაცრ მითითებას ალკოჰოლის მოხმარების აკრძალვაზე.

ქვეყანაში, ფართოდაა დამკვიდრებული მითი, რომ მცირე დოზით ალკოჰოლის რეგულარული მიღება, სასარგებლოა ადამიანისთვის, მაშინ როდესაც, არ არსებობს ალკოჰოლის მინიმალური უსაფრთხო დოზა ჯანმრთელობისთვის” – აღნიშნულია ღონისძიების აღწერაში.

გამოფენა მომზადებულია სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ალკოჰოლის პრევენციის 2019 წლის კამპანიის ფარგლებში ა(ა)იპ “არტინფო საქართველოს” მიერ და მხარდაჭერილია თბილისის მერიის მხრიდან

კომენტარები

კომენტარი