სტილი, დიზაინი შემოქმედებითი ინდუსტრიები

ნახეთ: დევიდ კომას ჩვენება ლონდონის მოდის კვირეულზე

ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა დიზაინერმა, დავით კომახიძემ, იგივე David Koma-მ, საკუთარი ბრენდის 10 წლის იუბილე აღნიშნა და მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, ლონდონის მოდის კვირეულზე, 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის აფრიკული მოტივებით შექმნილი კოლექცია წარადგინა.

აღსანიშნავია, რომ დიზაინერის შთაგონების წყარო კენიაში მოგზაურობა გახდა. აფრიკული მოტივები ჩანს გამჭვირვალე, ბრჭყვიალა ქსოვილებში, ღრმა დეკოლტეებში, მომდგარ სილუეტებში, ტყავის დეტალებსა და ცხოველურ პრინტებში.

დავით კომახიძე 1981 წელს, თბილისში დაიბადა. ის პირველი ქართველი დიზაინერია, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას მიაღწია. მან სადებიუტო კოლექცია 15 წლის ასაკში წარადგინა. თავდაპირველად, სანქტ–პეტერბურგში, ალფრედ შტიგლიცის სახელობის სამხატვრო–სამრეწველო აკადემიაში ჩააბარა. შემდეგ, ლონდონის წმ. მარტინის სახელობის ხელოვნებისა და დიზაინის ცენტრალურ კოლეჯში ისწავლა. 2009 წელს, ლონდონში, საკუთარი ბრენდი, David Koma დააარსა. 2014 წლიდან არის მოდის სახლ Thierry Mugler-ის კრეატიული დირექტორი.

მისი დიზაინით შექმნილ სამოსს ისეთი ვარსკვლავები ირჩევენ, როგორებიც არიან: ჯენიფერ ლოპესი, სინდი კროუფორდი, პელელოპე კრუზი, ბიონსე, ლედი გაგა, მაილი საირუსი, ოლივია უაილდი, ნაომი კემბელი, რიანა, ნატალია ვოდიანოვა, კარა დელევინი, კერი ვაშინგტონი, ჯიჯი და ბელა ჰადიდები, ადრიანა ლიმა, კამერონ დიასი, ჰოლი ბერი და სხვები.

კომენტარები

კომენტარი