საშემსრულებლო ხელოვნება

პოლ მაკარტნი და რინგო სტარი ჯონ ლენონის უკანასკნელი სიმღერის ქავერს ჩაწერენ

ლეგენდარული ჯგუფის, The Beatles-ს წევრებს, პოლ მაკარტნისა და რინგო სტარს, დიდი ხნის შემდეგ, მსმენელი ისევ ერთად იხილავს. მუსიკოსები ჯონ ლენონის უკანასკნელი სიმღერის, Grow Old With Me-ს ქავერ ვერსიას ჩაწერენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian ავრცელებს.

სიმღერა, სახელწოდებით Grow Old With Me, ჯონ ლენონმა 1980 წელს დაწერა, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. მაშინ, მუსიკოსი, იოკო ონოსთან ერთად, ახალ ალბომზე, Double Fantasy-ზე მუშაობდა. ამავე წლის დეკემბერში ის მანჰეტენზე, საკუთარ სახლთან ახლოს მოკლეს. სიმღერის ე.წ. შავი ვერსია, ლენონის სიკვდილის შემდეგ, 1984 წელს, ალბომში Milk and Honey გამოვიდა.

რინგო სტარის თქმით, მან არ იცოდა სიმღერის დემო ვერსიის არსებობის შესახებ. ეს საიდუმლო მას პროდიუსერმა ჯეკ დუგლასმა გაუმხილა. სწორედ, ამის შემდეგ გადაწყდა, რომ მაკარტნი და სტარი ლენონის ამ სიმღერას პროფესიონალურად ჩაწერდნენ.

აღსანიშნავია, რომ ქავერში გაიჟღერებს ფრაზა, ჯგუფის გიტარისტის, ჯორჯ ჰარისონის ცნობილი სიმღერიდან, Here Comes The Sun.

“ასე რომ, რაღაც გაგებით, ჩვენ ისევ ოთხნი ვიქნებით” – აღნიშნა რინგო სტარმა.

პოლ მაკარტნისა და რინგო სტარის ახალი ჩანაწერი 25 ოქტომბერს გამოვა. სიმღერა Grow Old with Me ჯგუფ The Beatles-ის წევრების ბოლო თანამშრომლობა იქნება.  

კომენტარები

კომენტარი