სტილი, დიზაინი

პატი სმიტი Saint Laurent-ის სახე გახდა

საკულტო ამერიკელი მუსიკოსი, როკ-ენ-როლის ლეგენდა, პატი სმიტი, მაღალი მოდის მუზა გახდა. ამიერიდან, ის მოდის სახლ Saint Laurent-ის სახეა. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი Page Six Style ავრცელებს.

72 წლის მუსიკოსს Saint Laurent-ის 2020 წლის გაზაფხულის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში ვიხილავთ. გადაღებები ნიუ-იორკში, თვის ბოლომდე დაიწყება. პატი სმიტის ფოტოგრაფი მისი მეგობარი, ცნობილი ფოტოგრაფი და რეჟისორი, სტივენ სებრინგი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ეს Saint Laurent-ისა და როკ-მუსიკოსის თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არაა. ფრანგული მოდის სახლის სახეები, სხვადასხვა დროს, კორტნი ლავი, მერლინ მენსონი და ჯონი მიტჩელი იყვნენ.

პატი სმიტს სამართლიანად უწოდებენ პანკ როკის ნათლიას. სწორედ, მისმა სადებიუტო ალბომმა (“Horses”) შეასრულა გადამწყვეტი როლი ამ ჟანრის ფორმირებაში. მუსიკაში პირველი ნაბიჯები სმიტმა 70-იან წლებში გადადგა, ნიუ-იორკის ერთ-ერთ კლუბში, CBGB-ში, სადაც ახალი ტალღის სხვა მუსიკოსებთან ერთად მუშაობდა. იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა, სახელწოდებით “Because the Night”, რომელიც მან ბრიუს სპრინგსტინთან ერთად დაწერა, Billboard Hot 100-ის ათეულში მოხვდა.

2005 წელს, პატი სმიტი ხელოვნებისა და ლიტერატურის ფრანგული ორდენით დააჯილდოვეს, 2007 წელს კი მისი სახელი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზს შეემატა.

პატი სმიტს მიღებული აქვს, აგრეთვე, ამერიკის წიგნის ეროვნული პრემია, 2010 წელს გამოცემული ავტობიოგრაფიული წიგნისთვის, სახელწოდებით “უბრალოდ ბავშვები”.

კომენტარები

კომენტარი