საშემსრულებლო ხელოვნება

14 სექტემბრს მოძრაობის თეატრში თეატრალური სეზონი გაიხსნება

14 სექტემბერს, მოძრაობის თეატრში თეატრალური სეზონო კახა ბაკურაძის „ფაუსტით“ გაიხსნება. ახალ სეზონზე მაყურებელს განახლებული რეპერტუარი და რამდენიმე პრემიერა ელის. დაგეგმილია ამერიკულ დასთან ერთად ერთობლივი სპექტაკლის დადგმა, რომელიც ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, მოძრაობის თეატრს ესტუმრება.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, იოსებ ბაკურაძის ცნობით, ვაშინგტონიდან საცეკვაო დასი Company E მოძრაობის თეატრში სექტემბრის ბოლოს ჩამოვა.

„ ოქტომბერში, მათთან ერთად ბროდვეის მიუზიკლის სტილში დადგმულ სპექტაკლს გამოვუშვებთ. სპექტაკლს „დიდი თამაში“ ერქმევა. ასევე ოქტომბერში, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ცნობილ ბრიტანელ ქორეოგრაფთან, უეინ მაკგრეგორთან და მისი დასის წევრებთან ვითანამშრომლებთ. ჩვენი ერთობლივი ნამუშევრის ჩვენება თბილისობას, ორბელიანის მოედანზე გაიმართება“, – აღნიშნავს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

იოსებ ბაკურაძის ცნობით, ამერიკული პროექტის ფარგლებში, მოძრაობის თეატრს ასევე ეწვევა იმპროვიზაციის პედაგოგი, რომელიც ქართველ მსახიობებს სპეციალურ მასტერკლასს ჩაუტარებს.

თეატრის ხელმძღვანელობა ახალ სეზონზე საერთაშორისო წარმატებებსაც ელის და რამდენიმე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გეგმავს გამგზავრებას. ნოემბერში მოძრაობის თეატრი მიწვეულია მინსკში, „Teatralny Kufar“, სპექტაკლით „ასტიგმატისტები“ . ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე პრესტიჟული ფესტივალის წარმომადგენლობასთან.

მოძრაობის თეატრს ჟანრების თეატრსაც უწოდებენ, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ცეკვას, მიმოდრამას, აკრობატიკას, პანტომიმას, ფიზიკურ თეატრს, ბალეტს, საბრძოლო და საცირკო ელემენტებს, ფოლკლორს და საავტორო მუსიკას. ამ სპეციფიკიდან გამომდინარე დიდი ინტერესით სარგებლობს უცხოელ მაყურებელში. ნებისმიერი ეროვნების მაყურებლისთვის ერთნაირად საინტერესო და გასაგებია.

კომენტარები

კომენტარი