კინო

“ჯოკერის” რეჟისორმა კომიქსები შექსპირის შემოქმედებას შეადარა

ტორონტოს კინოფესტივალზე, “ჯოკერის” რეჟისორმა, ტოდ ფილიპსმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ აწუხებს ლეგენდარული მსახიობების მიერ ამ გენიალური პერსონაჟის უკვე არსებული და მომავალში შექმნილი ვერსიები. ჟურნალისტის შეკითხვაზე, ეშინოდა თუ არა ისეთ გმირზე მუშაობის, რომლის სახეც ჰით ლეჯერმა უკვადვყო ეკრანზე, მან უპასუხა, რომ არა და ისიც აღნიშნა, რომ კიდევ ბევრი ფილმის შექმნა შეიძლება ჯოკერზე.

“ძალიან მიყვარს “ბნელი რაინდი”. ჰით ლეჯერის შემდეგ ჯარედ ლეტო იყო, რომელიც, ასევე, ძალიან მომწონს, მანამდე იყო ჯეკ ნიკოლსონი და ისიც, რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს.

კომიქსების სამყაროში ის თითქოს ჩვენი შექსპირია. როგორც ჰამლეტის უამრავი ვერსიის შექმნა შეიძლება, ისეა შესაძლებელი, შეიქმნას ჯოკერის მრავალი სახე” – აღნიშნა რეჟისორმა.

შეგახსენებთ, რომ ტოდ ფილიპსის “ჯოკერი” წლევანდელი ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. ფილმის პრემიერა, სწორედ, ვენეციის ფესტივალზე შედგა, სადაც მაყურებლის აპლოდისმენტები 10 წუთის განმავლობაში არ შემწყდარა. ამ გამარჯვებას კინოკრიტიკოსებმა ისტორიული უწოდეს, ვინაიდან კომიქსებზე დაფუძნებული ფილმებიდან, ის პირველია, რომელმაც ასეთი პრესტიჟული ჯილდო მიიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ფესტივალის მთავარი პრიზი ამერიკელმა რეჟისორმა მიიღო. უკანასკნელად, “ოქროს ლომი”, 2010 წელს, სოფია კოპოლას ერგო.

“ჯოკერის” სიუჟეტი 80-იანი წლების გოთემში ვითარდება. მთავარი გმირი, არტურ ფლეკი კლოუნია დაქირავებით, რომელიც სთენდ-აფ კომიკოსობაზე ოცნებობს და თავისი ადგილის პოვნას უშედეგოდ ცდილობს. ის ცდილობს შეინარჩუნოს ოპტიმიზმი, მაგრამ ცხოვრება დარტყმას დარტყმაზე აყენებს. მისი მოთმინება იწურება და ერთხელაც გადაწყვეტს, გამოსცადოს ახალი გზა, რომელიც მას, საბოლოოდ, სადისტ კლოუნად აქცევს.

ფილმში მთავარ როლს გენიალური ხოაკინ ფენიქსი ასრულებს. მის მიერ განსახიერებულმა ჯოკერმა კინოკრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა.  

კომენტარები

კომენტარი