არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში უძველესი დნმ დმანისში აღმოაჩინეს

ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში ყველაზე ძველი დნმ დმანისში აღმოაჩინეს.

ბიომოლეკულარულმა პროექტმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის, თსუ პროფესორის, დავით ლორთქიფანიძის და კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორის, ესკე ვირსლევის ხელმძღვანელობით, შესაძლოა, ევოლუციური საიდუმლოებები ამოხსნას.

უნიკალური კვლევის შედეგად, რომელიც კოპენჰაგენის და საქართველოს ეროვნული მუზეუმების თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა, მეცნიერებმა დმანისში აღმოჩენილი მარტორქის კბილის მინანქრიდან შეძლეს გამოეყოთ 1.77 მილიონი წლის წინანდელი მნიშვნელოვანი გენეტიკური ინფორმაცია – ცილების პროტეომების თანმიმდევრობის სრული ჯაჭვი. კვლევაში მსოფლიოს წამყვანი ლაბორატორიები მონაწილეობენ.

ეს არის ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში ყველაზე ძველი დნმ, რომელმაც მილიონი წლით დააძველა აქამდე ცნობილი ინფორმაცია. აქამდე უძველესი დნმ ინფორმაცია კუნძულ იუკონზე (ჩრდილო-დასავლეთ კანადა) აღმოჩენილი 700.000 წლის წინანდელი ცხენიდან იყო მიღებული.

დმანისში აღმოჩენილი უძველესი მარტორქის ბიომოლეკულარული კვლევების შესახებ მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ჟურნალი “Nature” აქვეყნებს სტატიას სათაურით: Early Pleistocene enamel proteome from Dmanisi resolves Stephanorhinus phylogeny – დმანისში აღმოჩენილი ადრეპლეისტოცენური პერიოდის მარტორქის (Stephanorhinus) კბილის მინანქრიდან მიღებულმა პროტეონმა ახსნა უძველესი ფიოლოგენეზისი.

მეცნიერთა თქმით, „ესაა გარღვევა უძველეს ბიომოლეკულარულ კვლევებში, რაც საშუალებას აძლევს მეცნიერებს აღადგინონ ბევრად ადრეული ეპოქების ევოლუციური სურათი ვიდრე ეს დღემდე იყო შესაძლებელი, ასევე გამოიკვლიონ ცხოველების და ადამიანის წინაპრის ისტორია“.

დმანისის პროექტის მხარდამჭერები არიან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კომენტარები

კომენტარი