კულტურა

საქართველოში პირველად გაიმართება კულტურული მემკვიდრეობის ფორუმი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი თეთრიწყაროში 15 სექტემბერს  გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ ღონისძიების Facebook გვერდზე ვრცელდება.

ორგანიზატორების თქმით, ფორუმი მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პატრონობის საქმეში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას, ბიზნეს-სექტორის დაინტერესებასა და გააქტიურებას.

“ფორუმის მონაწილეები იმ პროექტებზე ისაუბრებენ, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის სფეროში განხორციელდა. თითოეული მუნიციპალიტეტი სტუმრებს ხალხური რეწვის იმ ნიმუშებს წარუდგენს, რომლითაც მათი კუთხეა ცნობილი.  ღონისძიებას ეწვევიან ოსტატები, რომლებიც სპეციალურ მასტერ-კლასებს ჩაატარებენ და სტუმრებს კონკრეტულ საქმეს შეასწავლიან. მაგალითად, შეიძლება შეასწავლონ ხალიჩის ქსოვა“, – განაცხადეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოში.

კულტურული მემკვიდრეობის ფორუმი გაიხსნება პროექტით “კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს“. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ღონისძიების მსვლელობისას თბილისში ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება.

ფორუმის პროგრამით არის გათვალისწინებული, ასევე, სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლების გამოსვლები, შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში, ინტელექტუალური და სპორტული თამაშები.

კომენტარები

კომენტარი