საშემსრულებლო ხელოვნება

DECODER-ი საზაფხულო სეზონის დახურვისთვის ემზადება

ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალი DECODER-ის საზაფხულო სეზონის დახურვისთვის ემზადება. 21 სექტემბერს გამართული ღონისძიება ფესტივალის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი იქნება, რადგან მოწვეული არტისტების გარდა, სეზონის დახურვაზე არაერთი ადგილობრივი არტისტი დაუკრავს.

პირველ ჰედლაინერი ჰოლანდიელი დიჯეი და პროდიუსერი Job Jobse-ია, რომელმაც კარიერა 2010 წელს, როგორც Booker-მა დაიწყო. ჯობმა მალევე გადაწყვიტა, რომ მისგან წარმატებული მუსიკოსიც დადგებოდა და ასეც მოხდა. 2012 წლის აპრილში, ღონისძიებისთვის, რომელიც Dj სეტით თავადვე გახსნა, პარალელურად, როგორც აგენტმა, Tale of us დაჯავშნა. მისმა პერფორმანსმა Life and Death-ის წევრები იმდენად აღაფრთოვანა, რომ მაშინვე მიიწვიეს Club Der Visionaere-ში გამართულ ფართიზე. იმავე წელს, იგი Life and Death ლეიბლის მენეჯერი გახდა. დღესდღეობით არტისტი, ამსტერდამში, კლუბ De School-ის რეზიდენტია.

Cosmic Love Rotation ქართველი მუსიკოსის, ბესო მახარობლიძის პროექტია. არტისტი, რომელიც გამოირჩევა ერთმანეთისგან განსხვავებული მუსიკის სინთეზით, რამდენიმე თვის წინ, DECODER-ის მარტის სერიაზე, სხვა მოწვეულ არტისტებთან ერთად მასპინძლობდა მსმენელს. კარგად გვახსოვს ყველა პოზიტიური ემოცია, რომელიც მისი მოსმენის დროს ტრიალებდა საცეკვაო მოედანზე. 2015 წელს, ტექნო სცენაზე მის წარმატებაში, დიდი როლი ითმაშა წარსულში ფორტეპიანოზე დაკვრის გამოცდილებამ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი და არტისტის მეგობრობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

21 სექტემბერს, ცისკარში, კიდევ ერთი ქართველი არტისტის, ნინა ბოჭორიშვილის მოსმენის შესაძლებლობა გვექნება, რომელსაც სასცენო სახელით NINASUPSA ვიცნობთ. DECODER-ის მსმენელში ფართო აღიარება მან 7 მარტიდან მოიპოვა. სწორედ ამიტომ, მოწვეულ არტისტებთან ერთად, ისიც საპატიო ადგილს დაიკავებს DECODER-ის სცენაზე.

სეზონის ბოლო ღონისძიებაზე, პირველად გვიერთდება ახალგაზრდა ადგილობრივი არტისტი, Kraumur-ი და ვფიქრობთ, რომ ეს დიდი მეგობრობის დასაწყისიც გახდება. მიუხედავად იმისა, რომ თამარ იორამაშვილი სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა სამამულო სცენაზე, მისთვის დამახასიათებელი მელოდიური და ენერგიული კომპოზიციებით, მალევე შეაყვარა თავი მსმენელს.

და ბოლოს, MANCHO იმედისმომცემი ახალგაზრდა დებიუტანტია, რომელმაც სხვადასხვა პროფესიაში წარმატებული ნაბიჯების მიუხედავად, აღმოაჩინა, რომ მისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა, სწორედ მუსიკაა. როგორც თავად ამბობს, მუსიკამ მოიყვანა აქამდე და ჩვენც სიხარულით ვუთმობთ დიდ ასპარეზს. მალე ვიამაყებთ, რომ მისი პირველი ნაბიჯები DECODER-ით დაიწყო. ცნობისთვის, მანჩო დიმიტრიშვილი იქნება ის, ვინც 21 სექტემბრის ღონისძიებას, 18:00 საათიდან გახსნის.

კომენტარები

კომენტარი