კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

ნახეთ: ვენეციის კინოფესტივალის შედეგები

როგორც იცით, ვენეციის 76-ე კინოფესტივალი უკვე დასრულდა. ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონია გუშინ, 7 სექტემბერს შედგა.

ჟიურის თავმჯდომარე წელს არგენტინელი რეჟისორი, ლუკრესია მარტელი იყო. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის 76-წლიან ისტორიაში ის მეშვიდე ქალია, რომელიც ჟიურის წარუძღვა.

ჟიურის წევრებს შორის იყვნენ, აგრეთვე, კინოს ისტორიკოსი და კრიტიკოსი, კრის ჰანდლინგი, მსახიობი სტეისი მარტინი, რეჟისორი მერი ჰერონი, კინოოპერატორი როდრიგო პრიეტო, რეჟისორები: სინია ცუკამოტო და პაოლო ვირძი.

ფესტივალის მთავარი პრიზი, “ოქროს ლომი”, წელს, როგორც მოსალოდნელი იყო, ტოდ ფილიპსის ფილმმა, “ჯოკერმა” მიიღო. ფილმის პრემიერა, სწორედ, ვენეციის ფესტივალზე შედგა, სადაც მაყურებლის აპლოდისმენტები 10 წუთის განმავლობაში არ შემწყდარა. ამ გამარჯვებას კინოკრიტიკოსებმა ისტორიული უწოდეს, ვინაიდან კომიქსებზე დაფუძნებული ფილმებიდან, ის პირველია, რომელმაც ასეთი პრესტიჟული ჯილდო მიიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ფესტივალის მთავარი პრიზი ამერიკელმა რეჟისორმა მიიღო. უკანასკნელად, “ოქროს ლომი”, 2010 წელს, სოფია კოპოლას ერგო.

“ჯოკერის” სიუჟეტი 80-იანი წლების გოთემში ვითარდება. მთავარი გმირი, არტურ ფლეკი კლოუნია დაქირავებით, რომელიც სთენდ-აფ კომიკოსობაზე ოცნებობს და თავისი ადგილის პოვნას უშედეგოდ ცდილობს. ის ცდილობს შეინარჩუნოს ოპტიმიზმი, მაგრამ ცხოვრება დარტყმას დარტყმაზე აყენებს. მისი მოთმინება იწურება და ერთხელაც გადაწყვეტს, გამოსცადოს ახალი გზა, რომელიც მას, საბოლოოდ, სადისტ კლოუნად აქცევს.

ფილმში მთავარ როლს გენიალური ხოაკინ ფენიქსი ასრულებს. კინოკრიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ წელს, მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებელი, სწორედ, ის გახდებოდა, თუმცა მოლოდინები არ გამართლდა და მამაკაცის საუკეთესო როლისთვის ვენეციის კინოფესტივალის ჯილდო, “ვოლპის თასი”, იტალიელ მსახიობს, ლუკა მარინელს, “მარტინ იდენის” ეკრანიზაციისთვის ერგო. საუკეთესო ქალი მსახიობი კი ფრანგი არიანა ასკარიდი გახდა, ფილმისთვის “Gloria mundi”.

“ვერცხლის ლომი” მიიღო რეჟისორ რომან პოლანსკის ფილმმა “ოფიცერი და ჯაშუში”.

საუკეთესო რეჟისორად დასახელდა შვედი როი ანდერსონი, ფილმისთვის “უსასრულობის შესახებ”.

საუკეთესო სცენარისთვის ჯილდო მიიღო ჩინელმა რეჟისორმა, იუნფანმა, ფილმისთვის “სახლი N7 ჩერი ლეინზე”.

ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა ფრანკო მარესკომ, სატირული დოკუმენტური ფილმისთვის “მაფია უკვე აღარაა ის, რაც იყო ადრე”.

ფესტივალის პრიზი, საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობისთვის ავსტრალიელ ტობი უოლესს ერგო, ფილმისთვის “სარძევე კბილები”.

საკონკურსო სექცია “ჰორიზონტში” საუკეთესო ფილმის ნომინაციაში უკრაინელი რეჟისორის, ვალენტინ ვასანოვიჩის ფილმმა, “ატლანტისმა” გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ამავე საკონკურსო პროგრამაში იყო ნაჩვენები ქართველი რეჟისორის, დიმიტრი მამულიას ფილმი, სახელწოდებით “ბოროტმოქმედი”.

საუკეთესო სარეჟისორო დებიუტისთვის, ფესტივალის ჯილდო, “ახალგაზრდა ლომი”, რეჟისორ ამიად აბუ ალალას ერგო, ფილმისთვის “შენ 20 წლის ასაკში მოკვდები”.

კომენტარები

კომენტარი