საშემსრულებლო ხელოვნება

საქართველოს სინფონიეტას საკონცერტო ტურნე მაღალმთიან რეგიონებში გრძელდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ მაღალმთიან რეგიონებში საკონცერტო ტურნეთი იმყოფება და კონცერტებს ატარებს: რაჭა- ლეჩხუმში, ქვემო და ზემო სვანეთში: ამბროლაურში, ონში, ცაგერში, ლენტეხში, მესტიასა და ლატალში.

ორკესტრმა კონცერტები უკვე გამართა მესტიაში, ლატალსა და ონში, სადაც კამერული მუსიკის საღამოებს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ასევე ტურისტები ესწრებოდნენ. მსმენელებმა მოისმინეს ევროპული და ქართული კლასიკური მუსიკა. მრავალრიცხოვანი აღფრთოვანებული აუდიტორია დიდხანს არ უშვებდა ორკესტრს სცენიდან, რაც იმის დასტურია, რომ პროექტი წარმატებით მიმდინარეობს.

მხარდაჭერისთვის და გაწეული თანამშრომლობისთვის დიდ მადლობას მოვახსენებთ მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორს ბატონ გეგი ფალიანს და მის მოადგილეს, ბატონ რამაზ ფილფანს. აგრეთვე მადლობას ვუხდით ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ეკა მაისურაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს შუქურა ჯაფარიძეს, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსს მანანა ჩაგელიშვილს და გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლის ხელმძღვანელს თეონა ჯაფარიძეს.

საქართველოს სინფონიეტა განაგრძობს საკონცერტო ტურნეს მაღალმთიან რეგიონებში და შემდეგი კონცერტები გაიმართება: ლენტეხში – 8 სექტემბერს, 17:00 საათზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში; ცაგერში – 9 სექტემბერს, 17:00 საათზე, ცაგერის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში და პროექტი დასრულდება ამბროლაურში – 10 სექტემბერს, 19:00 საათზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში.

კონცერტებზე შესრულდება: ბენჯამინ ბრიტენის, ალექსი მაჭავარიანის, ვაჟა აზარაშვილისა და სულხან ცინცაძის ნაწარმოებები.

პროექტის პარტნიორია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

კომენტარები

კომენტარი