კინო

ნახეთ: ქსავიე დოლანის ახალი ფილმის ტრეილერი

ინტერნეტში კანადელი რეჟისორის, ქსავიე დოლანის ახალი ფილმის ტრეილერი გავრცელდა.

ფილმი, სახელწოდებით “მატიასი და მაქსიმი” ორი მეგობრის თავგადასავალს მოგვითხრობს. მატიასი და მაქსიმი ბავშვობის მეგობრები არიან. ისინი გადაწყვეტენ, მონაწილეობა მიიღონ მოკლემეტრაჟიანი სტუნედტური ფილმის გადაღებაში. ფილმის ერთ-ერთ სცენაში მთავარმა გმირებმა ერთმანეთს უნდა აკოცონ.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მთავარ როლს თავად ქსავიე დოლანი ასრულებს. ფილმში მონაწილეობენ, აგრეთვე, ჰარის დიკინსონი, მიშლი ბერნარდი, ენ დორვალი, პიერ-ლიუკ ფანკი, ანტუან-ოლივიე პილონი, კატრინ ბრუნე და სხვები.

შეგახსენებთ, რომ ფილმის პრემიერა, წელს, კანის კინოფესტივალზე შედგა.

ქსავიე დოლანი კანადელი კინორეჟისორი, მსახიობი და პროდიუსერია, რომელმაც თავისი სადებიუტო ნაშრომი 19 წლის ასაკში გადაიღო და საერთაშორისო აღიარებაც, სწორედ, სადებიუტო ფილმის, “მე მოვკალი დედაჩემი” შემდეგ მოიპოვა.

30 წლის რეჟისორს უკვე შვიდი სრულმეტრაჟიანი ფილმი აქვს გადაღებული, რომელთაგან ოთხმა კანის კინოფესტივალის ჯილდო მოიპივა.

დოლანს, ჯამში, კანის კინოფესტივალის 8 პრიზი აქვს მიღებული. არის, აგრეთვე, პრემია “სეზარის” სამგზის ლაურეატი შემდეგ ნომინაციებში: “საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი”, “საუკეთესო რეჟისურა” და “საუკეთესო მონტაჟი”. დოლანს მიღებული აქვს, აგრეთვე, Canadian Screen Awards-ის ცხრა პრიზი, მათ შორის: “საუკეთესო ფილმისთვის”, “საუკეთესო რეჟისურისა” და “საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის”.

კომენტარები

კომენტარი