კინო

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული ფილმის პრემიერა გაიმართა

ვენეციის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული ფილმის პრემიერა გაიმართა. რეჟისორ დიმიტრი მამულიას ფილმი „ბოროტმოქმედი“ საკონკურსო სექცია „ჰორიზონტში“ აჩვენეს.

კინოფესტივალზე იმყოფება ფილმის მთავარი შემოქმედებითი გუნდი – რეჟისორი, მსახიობი – ნატალია ჯუღელი და ფილმის პროდიუსერი სულიკო წულუკიძე. ფესტივალის განრიგის მიხედვით, მათ ჰქონდათ ოფიციალური ფოტოსესია, წითელი ხალიჩა, ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან და საჯარო პრემიერა.

“ბოროტმოქმედი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია.

სურათი საქართველო-რუსეთის კოპროდუქციაა. იგი ქარხნის 25 წლის ინჟინერის შესახებ გვიყვება, რომელიც შემთხვევით ცნობილი მეკარის მკვლელობის მოწმე გახდება. ფილმის პროდიუსერია სულიკო წულუკიძე, სცენარზე დიმიტრი მამულიამ და არჩილ ქიქოძემ იმუშავეს, ხოლო მთავარ როლებს გიორგი პეტრიაშვილი, ნატალია ჯუღელი და მადონა ჩაჩხიანი ასრულებენ.

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი მსოფლიოში უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალია, რომელიც ვენეციაში 1932 წლიდან იმართება. წელს იგი 28 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი