კინო

ტარანტინოს “ერთხელ ჰოლივუდში”, შესაძლოა, სერიალი გახდეს

რეჟისორ კვენტინ ტარანტინოს ბოლო ფილმი, “ერთხელ ჰოლივუდში”, შესაძლოა, სერიალი გახდეს. ინფორმაცია ამის შესახებ ფილმის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელმა, ბრედ პიტმა დაადასტურა.

მსახიობმა გამოცემა New York Times-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ტარანტინომ მასთან ფილმის სერიალად გამოშვებასა და მისი გაფართოებული ვერსიის შექმნაზე ისაუბრა.

“დიახ, ის მესაუბრა ამის შესახებ. ეს ძალიან ამაღელვებელი იდეაა” – აღნიშნა ბრედ პიტმა.

მსახიობის თქმით, ფილმის სატელევიზიო ვარიანტი დღევანდელ სტრიმინგ სერვისების სამყაროში ბევრად უფრო წარმატებული იქნება, რადგან ახალგაზრდა თაობა, ახლა, ყველაზე მეტად, მოკლე ეპიზოდებით, სერიალებითაა გატაცებული.

ვარაუდობენ, რომ სერიალი სტრიმინგ სერვის Netflix-ზე გამოვა. მასში იქნება ყველა ის სცენა, რომელიც ფილმში ვერ მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ტარანტინოს ფილმის პრემიერა 2019 წლის 21 მაისს, კანის კინოფესტივალზე შედგა. ის თავად რეჟისორმა და მსოფლიო კინოს ვარსკვლავებმა, ლეონარდო დიკაპრიომ და ბრედ პიტმა წარუდგინეს საზოგადოებას.

ფილმის მოქმედება 1969 წელს ვითარდება და მენსონის კრიმინალური ოჯახის შესახებ მოგივთხრობს, კერძოდ, ამბავზე, როდესაც მენსონის ოჯახის ლიდერმა, ჩარლზ მენსონმა, თავის მიმდევრებს უბრძანა, ლოს-ანჯელესის გარეუბანში მდებარე სახლისთვის შეეტიათ. მენსონის დავალებით, მისმა მიმდევრებმა დახოცეს სახლში მყოფები, მათ შორის იყო რეჟისორ რომან პოლანსკის ორსული ცოლი, მსახიობი შერონ ტეიტი.

შემოსავლის კუთხით, “ერთხელ ჰოლივუდში” ტარანტინოს ყველაზე წარმატებულ ფილმი გახდა. მისმა შემოსავალმა 283.7 მილიონი შეადგინა.

უნდა აღინიშნოს, რომ ფილმის ასეთ წარმატებაში დიდი წვლილი მის მსახიობებს მიუძღვით, ფილმის მსახიობთა შემადგენლობაში, როგორც იცით, ლეონარდო დიკაბრიო, ბრედ პიტი, ალ პაჩინო და მარგო რობი არიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმმა კინოკრიტიკოსთა დიდი მოწონება და დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

კომენტარები

კომენტარი