კინო

ტოდ ფილიპსის “ჯოკერი” ისტორიაში საუკეთესო კინოკომიქსად დაასახელეს

რეჟისორ ტოდ ფილიპსის ფილმი, “ჯოკერი”, რომლის პრემიერაც რამდენიმე დღის წინ, ვენეციის კინოფესტივალზე შედგა, International Movie Database-მა (IMDb) ისტორიაში საუკეთესო კინოკომიქსად დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ საიტმა მას 10-დან 9,6 ქულა მიანიჭა. გამოდის, რომ მან რეიტინგით რეჟისორ კრისტოფერ ნოლანის “ბნელ რაინდსაც” გაუსწრო. ეს მაშინ, როცა “ჯოკერი” კინოგაქირავებაში ჯერ არ ჩაშვებულა. ფილმი დიდ ეკრანებზე 3 ოქტომბერს გამოვა.

ფილმში ჯოკერის როლს ჰოაკინ ფენიქსი ასრულებს. კრიტიკოსები ჯერ კიდევ ტრეილერის ნახვის შემდეგ საუბრობდნენ იმაზე, რომ მსახიობს დიდი შანსი აქვს, “საუკეთესო ჯოკერად” აღიარებისთვის.

“ჯოკერის” სიუჟეტი 80-იანი წლების გოთემში ვითარდება. მთავარი გმირი, არტურ ფლეკი, კლოუნია დაქირავებით, რომელიც სთენდ-აფ კომიკოსობაზე ოცნებობს და თავისი ადგილის პოვნას უშედეგოდ ცდილობს. ის ცდილობს შეინარჩუნოს ოპტიმიზმი, მაგრამ ცხოვრება დარტყმას დარტყმაზე აყენებს. მისი მოთმინება იწურება და ერთხელაც გადაწყვეტს, გამოსცადოს ახალი გზა, რომელიც მას, საბოლოოდ, სადისტ კლოუნად აქცევს.

DC-ის საკულტო ბოროტმოქმედი, ბეტმენის მთავარი მტერი, ეკრანზე არაერთხელ გამოჩენილა, თუმცა ფილიპსის ფილმში პირველად ვიხილავთ მის ისტორიას, იმას, თუ როგორ გახდა უბრალო ადამიანი ჯოკერი.

კომენტარები

კომენტარი