ლიტერატურა

ცნობილია მიზეზი, რატოც მარიო ვარგას ლიოსა საქართველოს აღარ ეწვევა

გუშინ, 4 სექტემბერს, ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც ცოცხალი კლასიკოსი მარიო ვარგას ლიოსა ვიზიტი თბილისში გაუქმდა. მწერალი საქართველოში წიგნის ეროვნული ცენტრის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სერვანტესის ინსტიტუტის მოწვევით უნდა ჩამოსულიყო.

მთარგმნელი ლანა კალანდია რადიო თავისუფლებასთან ლაპარაკობს ლიოსას ვიზიტის გადადების მიზეზებზე. მისი თქმით, მწერლის საქართველოში ჩამოსვლა ორი მთავარი მიზეზის გამო გადაიდო: პირველი – განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ვერ გათვალა ლიოსას ვიზიტის მნიშვნელობა და მის ჩამოსვლამდე სამი თვით ადრე გადაწყვიტა „წიგნის ეროვნული ცენტრისა“ და „მწერალთა სახლის“ გაუქმება. და მეორე – ლანა კალანდია თვლის, რომ „წიგნის ეროვნული ცენტრის“ ყოფილ დირექტორს, დეა მეტრეველს, არ უნდა მიეწერა მწერლისთვის იმგვარი შინაარსის წერილი, რომელიც ბოლომდე ჩაახედებდა მარიო ვარგას ლიოსას საქართველოში, კულტურის სფეროში მიმდინარე არასტაბილურ ვითარებაში.

დეა მეტრეველი, „წიგნის ეროვნული ცენტრის“ ყოფილი ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განმარტავს, რომ წერილი, რომელიც მან მარიო ვარგას ლიოსას ლიტერატურულ აგენტებს გაუგზავნა, მხოლოდ და მხოლოდ ინფორმატიული ხასიათის იყო. მსგავსი წერილი მან ცენტრის სხვა პარტნიორებსაც მისწერა.

ამჯერად, მარიოს ვარგას ლიოსას ვიზიტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აგრძელებს „მწერალთა სახლი“. სწორედ „მწერალთა სახლმა“ შეითავსა „წიგნის ეროვნული ცენტრის“ ფუნქცია-მოვალეობები მას შემდეგ, რაც ცენტრი გაუქმდა.

„მწერალთა სახლის“ დირექტორი, ნატაშა ლომოური რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მარიო ვარგას ლიოსას წარმომადგენლისგან „მწერალთა სახლმა“ ერთი კვირის წინ პასუხი მიიღო:

„ლიოსას აგენტს ვთხოვეთ ახალი თარიღის შეთანხმება. იმედია, რომ დასახელდება ახალი თარიღი. მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ ძალაში დარჩება თუ არა მისი საქართველოში ჩამოსვლის პირობა, სამწუხაროდ, არ ვიცი. დაახლოებით სამი კვირის წინ მივწერეთ ჩვენ ლიოსას აგენტს წერილი და ერთი კვირის წინ დაგვიბრუნდა პასუხი, რომ ჩვენს შეთავაზებას ლიოსას გადასცემენ.”

მწერლის ვიზიტის გაუქმების კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. სამინისტროში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, მარიო ვარგას ლიოსას აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს „მწერალთა სახლი“.

კომენტარები

კომენტარი