ლიტერატურა

მარიო ვარგას ლიოსა თბილისში სექტემბერში აღარ ჩამოვა

ცოცხალი კლასიკოსი მარიო ვარგას ლიოსა თბილისში სექტემბერში აღარ ჩამოვა. მწერალი საქართველოში წიგნის ეროვნული ცენტრის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სერვანტესის ინსტიტუტის მოწვევით უნდა ჩამოსულიყო.

ეს ინფორმაცია “მწერალთა სახლის” დირექტორმა ნატაშა ლომოურმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა. მისი თქმით, მწერლის ვიზიტის გაუქმების ზუსტი მიზეზი, მისთვის უცნობია.

1936 წელს პერუში დაბადებული მარიო ვარგას ლიოსა ცნობილია არა მხოლოდ როგორც ლიტერატორი, არამედ როგორც თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი მოაზროვნე. ერთ-ერთი გამორჩეული სამხრეთამერიკელი ავტორი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1990 წელს ის მონაწილეობდა პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის მხარდაჭერით, თუმცა ალბერტო ფუხიმორისთან დამარცხდა. მწერალმა 1993 წელს პერუ დატოვა, ორმაგი მოქალაქეობა მიიღო და ესპანეთში გადასახლდა.

მარიო ვარგას ლიოსა 20-მდე რომანის, უამრავი მოთხრობის, სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომისა და პიესის ავტორია. მიღებული აქვს არაერთი პრიზი, მათ შორის, სერვანტესის სახელობის პრემია – ყველაზე მნიშვნელოვანი ესპანურენოვან სამყაროში. 2010 წელს კი გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურაში.

ქართულ ენაზე უკვე თარგმნილი და გამოცემულია ლიოსას ექვსი წიგნი – „ცუდი გოგოს ოინები“, „ვაცის ნადიმი“, „ქალაქი და ძაღლები“, „ხუთი კუთხე“ (გამომცემლობა ინტელექტი; მთარგმნელები ლანა კალანდია, მაკა გოგოლაშვილი), „დეიდა ხულია და სცენარისტი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; მთარგმნელი ამირან გაბესკირია), სულ ახლახანს გამოიცა „ბოლო ჟამის ომი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; მთარგმნელი დოდო ყვავილაშვილი) მიმდინარე წელს ქართველი მკითხველი ავტორის კიდევ ერთ ნაწარმოებს გაეცნობა ქართულ თარგმანში – „საუბარი კათედრალში“ (გამომცემლობა ინტელექტი; მთარგმნელი ლანა კალანდია).

კომენტარები

კომენტარი