შემოქმედებითი ინდუსტრიები

ქეთი დოლიძე თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ორგანიზატორებს არაკოლეგიალობაში ადანაშაულებს

რეჟისორი და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის GIFT დამფუძნებელი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ორგანიზატორებს არაკოლეგიალობაში ადანაშაულებს.

განცხადებიდან ირკვევა, რომ დოლიძე თეატრალური ფესტივალისა და “საჩუქარის” გამართვის თარიღების შესახებაა უკმაყოფილო. მისი თქმით, ოქტომბერში ამ მასშტაბის ორი პროექტი საზოგადოებისთვის ზედმეტია.

“ყველა ფესტივალს უპირობოდ ვუსურვებ წარმატებას, მაგრამ რა ნამუსია, ბოლოს და ბოლოს ასე დამთხვევა ორი ფესტივალის! თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ნელ-ნელა “ჩამოჩოჩდა” და უკვე მოურიდებლად ემთხვევა “საჩუქარს”! რას ნიშნავს ასეთი არაკოლეგიალობა?!
რამდენიმე წლის წინ ამ ფესტივალის მესვეურებს ვაპატიე ის, რომ “საჩუქარი”, რომელიც იყო ამიერკავკასიაში და საქართველოში პირველი მერცხალი და გააცოცხლა სიბნელეში და დეპრესიაში ჩაძირული ქვეყანა და თბილისი, ნაცებმა მოსპეს, ჩაწიხლეს და უგულავამ სწორედ მის საპირწონედ დაარსა ახალი ფესტივალი! ნეტავ ყოველ თვე ფესტივალები იყოს!!!
მაგრამ ასეთი კისერზე “დაჯდომა” სად გაგონილა?! ეს ფესტივალი 8 ოქტომბერს სრულდებოდა და მერე, მაყურებელს ამოსუნთქვის საშუალება ჰქონდა! ახლა კი ერთად ამდენი ფესტივალის დამთხვევა სექტემბერ-ოქტომბერში (როცა მთელი წელი ცარიელია) არის სრულიად უაზრო და იმ მაყურებელზე ზეწოლა, რომელსაც ფინანსურადაც არ შეუძლია ამდენ ფესტივალს მოედოს! კოლეგებო!!!! თუ რა თქმა უნდა, ასეთები ხართ, 
სულ აღარ გრცხვენიათ? მაგრამ როცა “საჩუქარი” დაადუმეთ 5 წლით, მაშინ არ შეგრცხვენიათ და ახლა რაღა?!?!?!” – წერს ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი წელს 19 ოქტომბრიდან 16 ნეომბრამდე გაიმართება. ფესტივალი 1997 წლიდან იმართება საქართველოში. „საჩუქარი“ ხელოვნების ყველა დარგს მოიცავს. თეატრისა თუ ქორეოგრაფიის, ლიტერატურისა თუ მუსიკის საუკეთესო ნიმუშების მოპოვება და  წარმოდგენა კი ფესტივალის პრიორიტეტია.

რაც შეეხება თეატრალურ ფესტივალს, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც 2011 წელს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრი გახდა, 2009 წელს თბილისის მერიის მიერ ქალაქის, მისი კულტურისა და მდიდარი შემოქმედებითი ატმოსფეროს პოპულარიზაციის მიზნით დაარსდა. ფესტივალის ფარგლებში შემოქმედებითი დისკუსიები, გამოფენები და პერფორმანსები იმართება, რომელშიც მთელი მსოფლიოს თეატრალური კოლექტივები მონაწილეობენ. 2019 წელს ფესტივალი 23 სექტემბრიდან 24 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი