კულტურა

ტიმოთესუბნის ცენტრალურ ტაძარში სათავსოს ჩასანაცვლებლად სააგენტო იმუშავებს

ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის ცენტრალური ტაძრის საყოფაცხოვრებო სათავსოს ჩასანაცვლებლად ანალოგიური დანიშნულების ხის კონსტრუქციის ესკიზურ პროექტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მოამზადებს, – ამის შესახებ სააგენტოს ფეისბუქგვერდიდან გახდა ცნობილი.

“ადგილობრივ სასულიერო პირებსა და სახელმწიფო უწყებას შორის შემდგარი შეთანხმების საფუძველზე, ახალი კონსტრუქციის იერსახე ტიმოთესუბნის მონასტრის არქიმანდრიტთან და ეპარქიის მღვდელმთავართან შეჯერდება და ის ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურული იერსახის სინთეზური იქნება.

ღვთისმსახურების პროცესის საჭიროებებიდან გამომდინარე, ახალი ობიექტის ეკლესიის ინტერიერში განთავსებამდე საყოფაცხოვრებო დანიშნულების სათავსო კვლავ არსებულ ადგილზე დარჩება. ტიმოთესუბნის მამათა მონასტერში საყოფაცხოვრებო სათავსოს განთავსების შედეგად სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების ჯგუფს არქიტექტურული ნაწილების დაზიანების ნიშნები არ გამოუკვეთია, რამაც შესაძლო კანონდარღვევა სრულად გამორიცხა.

შეთანხმების თანახმად, სააგენტოს და მონასტრის სასულიერო პირების სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოებს ტიმოთესუბნის მონასტრის მთავარი ტაძრის სახურავის კონსტრუქციის განსაზღვრულ ფრაგმენტზეც განახორციელებს, საიდანაც ინტერიერში წყალი ჩაედინება.” – აღნიშნულია განცხადებაში.

18 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ სოფელ ტიმოთესუბანში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსში სათავსო დაამონტაჟეს. სააგენტოს განცხადებით, კარადა ეროვნული კატეგორიის სტატუსის მქონე უძრავი ძეგლის ინტერიერთან სრულ შეუსაბამობაშია და მის კულტურულ ღირებულებას ხელყოფს.

ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი XII-XIII საუკუნეების მიჯნაზეა აგებული. ტაძარი ქართული მოვარდისფრო აგურებითაა ნაგები. ფრესკების დიდი ნაწილი დღემდე შენარჩუნებულია. ტაძრის მოხატულობა 1205-1216 წლებით თარიღდება.

კომენტარები

კომენტარი