კულტურა

პაატა გაფრინდაშვილი: “ტიმოთესუბანში ძეგლზე თუკი დაზიანება არის მიყენებული, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო მეტად მკაცრი იქნება”

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ ტიმოთესუბანში ძეგლზე თუკი დაზიანება არის მიყენებული, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო მეტად მკაცრი იქნება, ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„სამოქალაქო აქტივისტებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ტიმოთესუბანში არის თვითნებურად ჩარევა, რაც არის ძალზედ სამწუხარო ფაქტი. თითოეულმა ადამიანმა უნდა გაითავისოს, როცა ასეთ ქმედებას სჩადის, რა ზიანს აყენებს მნიშვნელოვან ძეგლებს. ზოგადად, როცა ადგილობრივ მონასტერს რაღაცის გაკეთება და განვითარება სურს, უნდა შეათანხმონ საპატრიარქოს საბჭოსთან და შესაბამისად, ჩვენ საპატრიარქო გვატყობინებს ამის შესახებ, ვიძლევით ნებართვას. ეს კონკრეტული შემთხვევა არ არის შეთანხმებული არც საპატრიარქოსთან და არც ჩვენთან.

სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო უახლოეს ხანში ჩავა ძეგლის მოსაკვლევად. დაადგენენ, კონკრეტულად რა სახის დაზიანებებია იქ და თუ არ ხდება რამე ისეთი, რომელმაც ძეგლს დაზიანება მიაყენა, მოვითხოვთ, დაუბრუნდეს ის იერსახე, როგორიც იყო მანამდე.

თუ ძეგლზე მიყენებული არის დაზიანება, სააგენტო იქნება მეტად მკაცრი და აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე კონკრეტულად იმ პიროვნებებზე, ვინც ეს სამუშაოები განახორციელა. არ აქვს მნიშვნელობა, სასულიერო პირი იქნება თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, ყველამ უნდა გაითავისოს, რასთან გვაქვს საქმე, რომ საქმე გვაქვს უნიკალურ მემკვიდრეობასთან. რა თქმა უნდა, კანონი ვერ იქნება იდეალური, ამიტომ, მას სისტემატურად სჭირდება ცვლილებები. ახლა მომზადებული გვაქვს ცვლილებების ახალი პაკეტი, რომ კანონი იყოს უფრო მკაცრი ასეთ შემთხვევებში“, – განაცხადა პაატა გაფრინდაშვილმა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსზე უნებართვო ქმედება გამოვლინდა. სააგენტოს ინფორმაციით, საზოგადოების რიგითი წევრების მიერ მთავარ ტაძარში თანამედროვე სამშენებლო მასალით აგებული სათავსო დაფიქსირდა, რომელიც ინტერიერში თვითნებურადაა დამონტაჟებული.

ტიმოთესუბნის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იერომიელი ტაძრის ტერიტორიაზე ჩაშენებული კარადის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ კარადა რამდენიმე წელია, ამ ადგილზე დგას. მისი თქმით, კარადას თავისი დატვირთვა აქვს და მცირე ადგილს იკავებს.

კომენტარები

კომენტარი